Aa Aa
10 ოქტომბერი 2024  |  19:36

Nissan-ის კოლექციიდან იშვიათი R32 Skyline GT-R-ი მოიპარეს

პოლიცია იშვიათ Skyline GT-R after-ს ეძებს, რომელიც ავსტრალიაში, Nissan-ის შტაბ-ბინიდან მოიპარეს. 

R32 Nissan Skyline ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ავტომობილია. აშშ-ში, მეორადი მანქანების ბაზარზე, მისი ღირებულება $75 000-ს აღწევს, რაც მას მოთხოვნად მოდელადაც აქცევს. არც თუ ისე დაბალი ფასისა და მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით კი, ეს მანქანა კრიმინალთა სამიზნეც ხდება. მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა, როდესაც Skyline-ი პირდაპირ, ავტომწარმოებლის ისტორიული კოლექციიდან მოიპარეს. 

Nissan Australia-მ ავტომობილის მოპარვა News.com.au-ს გამოცემას დაუდასტურა.: „სამწუხაროდ, ჩვენი შტაბ-ბინიდან R32 Skyline GT-R-ის ქარხნული ვერსია მოიპარეს. საქმე გადაცემულია შესაბამის უწყებებს და მიმდინარეობს გამოძიება“. 

მუქი წითელი ფერის, 1991 წლის  Skyline GT-R-ი სრულად ქარხნულია. ეს მოდელი, რეგიონში, Nissan-ის მიერ გაყიდული ერთ-ერთი პირველი ავტომობილიც იყო. Nissan-მა ავტომობილი 2015 წელს გამოისყიდა და რეგულარულად, სარეკლამო ღონისძიებებისთვის იყენებდა. ავტომობილის ღირებულება დაახლოებით $170 000-ია. 

ქურდობის შესახებ, ამ ეტაპზე, თითქმის არაფერია ცნობილი. Nissan Australia-ს სპიკერის განცხადებით, კომპანია სამართალდამცველებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ყველაფერი კეთდება კრიმინალთა დასაკავებლად. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ავტომწარმოებელი დასახმარებლად რიგით მოქალაქეებსაც მიმართავს. 

Skyline GT-R-ი, ავსტრალიაში, ერთ-ერთი უიშვიათესი ავტომობილია. 1989-1994 წლებში, ქვეყანაში, ამ მოდელის მხოლოდ 100 ერთეული გაიყიდა. მანქანა 1990-იან წლებში Australian Touring Car Championship-შიც მონაწილეობდა. 

გაზიარება: