Aa Aa
11 ოქტომბერი 2024  |  13:10

BMW-ის ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება | Mercedes-ის მცირდება

ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის მიუხედავად, ჩინეთში, მესამე კვარტალში, გაყიდვები თითქმის 30%-ით დაეცა. 

2024 წელი BMW-ის ელექტრომობილებისთვის შედეგიანი აღმოჩნდა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, BMW-ის EV-ების გაყიდვები 23%-ითაა გაზრდილი, რაც გერმანული ავტომწარმოებლისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას გავლენა არ ჰქონია ჩინეთის ბაზარზე, სადაც პირიქით, გაყიდვების ვარდნა დაფიქსირდა. 

2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, BMW-იმ 22.6%-ით მეტი ელექტრომობილი გაყიდა, ვიდრე 2023 წლის იგივე პერიოდში. გერმანული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, ჯგუფის სხვა ბრენდების - მათ შორის Mini-სა და Rolls-Royce-ს - გაყიდვები ასევე გაზრდილია 19.1%-ით. და მიუხედავად იმისა, რომ ზრდა შედარებით დაბალი იყო ბოლო 3-თვიან პერიოდში, EV-ის მიწოდებები, მესამე კვარტალში, მაინც 10.1%-ითაა მომატებული. 

BMW-ისგან განსხვავებით, წარმატებული არ გამოდგა წელი Mercedes-ის ელექტრომობილებისთვის. Mercedes-ის ელექტრომობილების გაყიდვები, მესამე კვარტალში, 31%-ით დაეცა.   

თუმცა მთლიან სურათს თუ შევხედავთ, BMW-ის რეალობა შედარებით განსხვავებულია: მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ავტომწარმოებლის გაყიდვები - რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ავტომობილებს - 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.5%-ითაა დავარდნილი. შედარებით უკეთესია წლიური შედეგები: წლიურ ჭრილში ავტომობილების გაყიდვების ვარდნა 2.3%-ს უტოლდება. 

რაც შეეხება ჩინეთს: ქვეყანაში BMW-ის გაყიდვების კლებაზე გავლენა რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა იქონია. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, ჩინეთში გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა ინტეგრირებული სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ამასთან ერთად კი, ქვეყნის „რთულმა“ საბაზრო პირობებმა. დამუხრუჭების სისტემის საკითხი მოგვარებულია, თუმცა რეგულაციები, უფრო ფართო, გეოპოლიტიკური თემის ნაწილია, რაც დროთა განმავლობაში მოგვარების მაგივრად შეიძლება პირიქით, გამკაცრდეს. 

მხოლოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ჩინეთის მასშტაბით, BMW-ის გაყიდვები 30%-ითაა დავარდნილი. საპირისპიროდ, Mercedes-მა გაყიდვების 1%-იანი ზრდა დააფიქსირა. 

გლობალური მასშტაბით, შემცირებულია Rolls-Royce-ისა და Mini-ის გაყიდვებიც, მაგრამ, შედარებით სტაბილურობას BMW-ის სპორტული M-სერიის მოდელები ინარჩუნებენ. მესამე კვარტალში მათი გაყიდვების 3.9%-იანი ვარდნის მიუხედავად, წლიურ ჭრილში M-ის მოდელების გაყიდვები 2%-ითაა გაზრდილი. 

გაზიარება: