Aa Aa
11 ოქტომბერი 2024  |  18:08

ტანკის ძრავის მქონე Ford Crown Victoria დრიფტს 2 000 ბრუნზე ასრულებს

„დრიფტქარზე“ ფიქრისას Ford Crown Victoria ალბათ არავის ახსენდება. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელიც Rolls-Royce Meteor-ის, 27-ლიტრიანი, 12-ცილინდრიანი ტანკის ძრავით აღჭურვეს. 

თუ ერთ დროს გასაკვირი მხოლოდ ის ფაქტი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძრავის მოთავსება „ვიღაცას“ Taxi-ში მოუნდა, ახლა უკვე, ავტომოყვარულთა გაოცებას ამ „მანქანის“ შესაძლებლობები იწვევს. როგორც უახლესი ექსპერიმენტით დადგინდა, Ford Crown Victoria დრიფტს 2 000 ბრუნზე ასრულებს - რა ბევრი „დრიფტქარისთვისაც“ კი, შესაშური მაჩვენებელია. 

ამ „ქმნილებას“ Meteor Interceptor-ი ეწოდება და ის ავტომოყვარულთათვის სიახლეც არ უნდა იყოს, რადგან პირველად, პროექტის შესახებ გამოცემებში 2020 წელს დაიწერა. იდეის ავტორი დანიერ ვერნერია, რომელიც Meteor Interceptor-ის პროექტზე თითქმის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. 

ტანკის ძრავა, რომელიც  Meteor Interceptor-ში მოათავსეს, თავდაპირველად, 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მაბრუნი მომენტი კი - 2 200 ნიუტონ მეტრს აღწევდა. განახლებებით, პროექტის შესაძლებლობები 2 500 ცხენის ძალამდე და დაახლოებით 5 200 ნიუტონ მეტრამდე გაიზარდა. ძრავა საბურავების რეზინის წვას 1 700 ბრ/წთ-ზე იწყებს და 2 600 ბრ/წთ არც კი სჭირდება იმისათვის, რომ ე.წ. „დრიფტქარად“ გადაიქცეს. 

ვერნერს Ford-ის ავტობანის სიჩქარემდე მიყვანაც სურს. თუმცა ამ თემას ის ფაქტი ართულებს, რომ პროექტი 3-სიჩქარიანი, TH400 ავტომატური ტრანსმისიითაა აღჭურვილი - დაახლოებით ისეთით, როგორიც GM-ის ძველ სატვირთო ავტომობილებს აქვთ. მიუხედავად ამისა, ეს Ford-ი, წარსულთან შედარებით, საკმაოდ კარგად გამოიყურება, შესაძლებლობებიც გაძლიერებული აქვს და დიზაინიც დახვეწილი. პროექტზე მუშაობა კი კვლავ გრძელდება. 

გაზიარება: