Ferrari, ქურდობა, Ferrari 812 GTS
Aa
Aa

მოპარული Ferrari მანქანაში დატოვებული AirPods-ის საშუალებით იპოვეს

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უკვე როგორც ჩანს, „დივაისების“ გამოყენებითაც, რთული პრობლემების მოგვარება ბევრად მარტივ საქმედაა ქცეული. ეს ბევრისთვის ახალი ამბავი ნამდვილად არაა, თუმცა კონექტიკუტში მცხოვრებმა ქურდებმა, ამის შესახებ, მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაიგეს.

აშშ-ში მომხდარი ქურდობა სამართალდამცველებმა მანქანაში დატოვებული AirPods-ის წყალობით გახსნეს. 2023 წლის Ferrari 812 GTS გრინვიჩში, კონექტიკუტში, გასულ თვეს მოიპარეს. მოპარულ Ferrari 812 GTS-ში მფლობელს AirPods-ი დარჩა, რომელიც საკუთარ Apple-ის სმარტფონზე Find My-ის აპლიკაციის საშუალებით ჰქონდა დაკავშირებული.

ავტომობილში დატოვებული AirPods-ის საშუალებით, სამართალდამცველებმა, Ferrari-ის შემთხვევის ადგილიდან 100 კილომეტრის დაშორებით, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მიაგნეს. სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ, მძარცველი ადგილიდან მიიმალა.

თუმცა, 22 წლის მძარცველის აყვანა მოგვიანებით მაინც შეძლეს. WFSB-ის ინფორმაციით, თანამონაწილეობისთვის დაკავებულია 19 წლის მამაკაციც. ორივე მათგანს ბრალი უკვე წარედგინა. ცნობისთვის, მათ სახელს უკავშირდება „მანქანების ქურდობის ვრცელი ისტორიაც“, რომელთა შორის რამდენიმე თვის წინ მოპარული Acura-ც შედის.

კრიმინალური წარსულის მიუხედავად, ორივე მათგანს, ცოტა ხნის წინ, სასამართლომ გირაოს თანხა გაუნახევრა. 22 წლის ახალგაზრდას, გირაოს სანაცვლოდ, ახლა $300 000-ის მაგივრად, $150 000-ის გადახდა მოუწევს. ამ ფაქტზე ყურადღება ადგილობრივებმაც გაამახვილეს, რომლებიც მათ საცხოვრებელში მანქანების ქურდობის შემთხვევებსა და პრობლემის აქტუალობაზე ხმამაღლა საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები