Aa Aa
15 ოქტომბერი 2024  |  18:13

კრის ჰარისმა თავისი E60 M5-ის სალონი ხავერდით დაფარა

Top Gear-ის ყოფილმა წამყვანმა თავისი M5-ისთვის რეტროდიზაინი შეარჩია.

BMW-ის კლასიკური ფურგონებისადმი კრის ჰარისის სიყვარული ცნობილი ფაქტია. თუმცა ავტოენთუზიასტი და Top Gear-ის ყოფილი წამყვანი, ავტომობილების შეგროვებასთან ერთად, მათი გადაკეთებითაც დაინტერესებულია. შესაძლოა ბევრს M5-ის სპეციფიკაციებით გადაკეთებული E34 ფურგონიც ახსოვდეს, ამჯერად კი, ჰარისის სამიზნე E60 M5 გახდა.

ამ მოდელის V10 უდავოდ, ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩუელი ძრავაა. საბედნიეროდ, ჰარისი E60 M5-ის ძრავას არ შეხებია და მხოლოდ მანქანის ინტერიერის ცვლილებით შემოიფარგლა. ჰარისმა თავისი BMW-ისთვის რეტროსტილი შეარჩია და მანქანის სალონიც ხავერდის ქსოვილით დაფარა.

ჰარისის აზრით, მან თავის ავტომობილს ამ „მცირედი“ ცვლილებით უნიკალური ელფერი შესძინა. თუმცა ფაქტია, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები და მისი გამომწერებიც კი, მის აზრს ნამდვილად არ იზიარებენ. ჰარისის გადაწყვეტილების შესახებ აზრი ავტომოყვარულთა შორის, მალევე, ორად გაიყო.

View this post on Instagram

A post shared by Chris Harris (@harrismonkey)

ავტომობილში ექსტერიერის მსგავსად, დიდ მნიშვნელობას მისი ინტერიერი თამაშობს. უფრო მეტიც, მასალა, რომლისგანაც სალონი მზადდება, მანქანის ხარისხსა და კლასზე საკმაოდ ბევრს ამბობს. წლებია, დასავლეთის ქვეყნებში, ტყავის სალონი ფუფუნების ოქროს სტანდარტადაა აღიარებული. ეს ცოტა არ იყოს გასაკვირია, რადგან ტყავისგან დამზადებული სალონი ხშირად არაკომფორტულია და ბევრი მინუსიც აქვს.

ამ მიზეზით ბევრიც ჰარისის არჩევანს ამართლებს და თვლის, რომ ტყავთან შედარებით ხავერდის სალონი M5-ში ბევრად უფრო კომფორტულია. როგორც Instagram-ის პოსტში თავად Top Gear-ის წამყვანიც აღნიშნავს, ეს ქსოვილი ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ის „ყალბი შეგრძნება“, რომელიც მანქანების ასევე ყალბი ტყავის ინტერიერისგან მოდის.

 

გაზიარება: