Aa Aa
15 ოქტომბერი 2024  |  19:02

ფლორიდის ქარიშხლის შედეგად დაზიანებული EV-ები „ნელი მოქმედების ნაღმია“

ფლორიდაში, „მილტონის“ ქარიშხლის შედეგად ასეულობით საცხოვრებელი დაზიანდა,  არიან გარდაცვლილები და დაშავებულებიც. ფლორიდის შტატის მთავრობა ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზარალს ჯერ კიდევ ითვლის, პარალელურად კი პოტენციური საფრთხის აღმოფხვრაზეც მუშაობს.

ქარიშხალთან დაკავშირებით განცხადება ფლორიდის სახანძრო დეპარტამენტის მარშალმაც გააკეთა. ჯიმი პეტრონის თქმით, ელექტრომობილები, რომლებიც „ჰელენისა“ და „მილტონის“ ქარიშხლის შედეგად დაზიანდნენ, „ნელი მოქმედების ნაღმებია“. პეტრონის განცხადებით, ეს ელექტრომობილები მარილიანი წყლებით დაიტბორა, რაც მათი აალების რისკებს ზრდის.  

შესაბამისი გაფრთხილება სახანძრო დეპარტამენტის უფროსმა „მილტონამდე“ რამდენიმე დღით ადრეც გასცა, მაშინ, როდესაც შტატს თავს „ჰელენის“ ქარიშხალი დაატყდა. „ჰელენის“ ქარიშხლის დროს, ლითიუმ-იონური ბატარეებით გამოწვეული ხანძრის 50-მდე შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 11 შემთხვევა, უშუალოდ ელექტრომობილებს ეხებოდა.

„ელექტრომობილები, რომლებიც ფლორიდის სანაპირო ზოლში მცხოვრებ პირებს ეკუთვნით და ქარიშხლის შედეგად მარილიანი წყლებით დაზიანდა, აალების მაღალ რისკს შეიცავს. თუ თქვენ ფლობთ მსგავსი სახის სატრანსპორტო საშუალებას, იქნება ეს ელექტრომობილი, სკუტერი თუ უბრალოდ საბავშვო სათამაშოები, გთხოვთ გამორთოთ მოწყობილობები და უსაფრთხო ადგილზე გადაიტანოთ“, - მიმართა სახანძრო დეპარტამენტის უფროსმა ფლორიდის მცხოვრებლებს.

ხანძრის პოტენციური საფრთხის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ ჰიბრიდებისა და ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების მფლობელებიც. სახანძრო დეპარტამენტმა, საფრთხისგან თავის ასაცილებლად, შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცა და მოსახლეობას დახმარება აღუთქვა.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მანქანები და მოწყობილობები დროებითი ბომბებია. ჩვენი ოფისი გააგრძელებს კოორდინაციას ფედერალურ შტატთან და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან, რათა მომხმარებლებმა იცოდნენ ქარიშხალ „მილტონის“ შემდეგ ხანძრის საფრთხეების შესახებ“ - დასძინა მეთაურმა.

გაზიარება: