Aa Aa
16 ოქტომბერი 2024  |  12:40

BMW: ევროპამ ბენზინზე მომუშავე მანქანების აკრძალვა უნდა გააუქმოს

ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროპამ 2035 წლისთვის დაწესებული შეზღუდვა, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების წარმოებასთან დაკავშირებით, უნდა გააუქმოს. ამის შესახებ განცხადება BMW-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა.

ოლივერ ზიპსმა, რომელიც დიდი ხანია მარეგულირებლებს მოუწოდებს დაუშვან ნებართვა თანამედროვე ტექნოლოგიებზე - მათ შორის ელექტროსაწვავზე, ბიოსაწვავსა და წყალბადის საწვავის უჯრედებზე - განაცხადა, რომ ევროპაში განწყობა „პესიმიზმისკენ მიისწრაფვის“. მისივე თქმით, რეგიონს, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ახალი მარეგულირებელი ჩარჩო სჭირდება.

ზიპსის განცხადებით, 2035 წლის მიზნის კორექტირება ევროპულ კომპანიებს საშუალებას მისცემს შეამცირონ დამოკიდებულება ჩინეთში წარმოებულ ბატარეებზე. ზიპსი შედარებით მოქნილ პოლიტიკასაც ითხოვს, რომელიც ერთ კონკრეტულ ტექნოლოგიას არ მიანიჭებს უპირატესობას და მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, გამონაბოლქვის შესამცირებლად, ახალი გზები გამოიკვლიონ.

2023 წლის მარტში, ევროკავშირის ქვეყნებმა გამონაბოლქვის მინიმუმამდე შესამცირებლად გეგმა შეიმუშავეს. გეგმა, 2035 წლამდე, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების წარმოების ეტაპობრივ შეწყვეტასაც ითვალისწინებს. წევრი ქვეყნების პროგნოზით, 2030 წლისთვის, CO2-ის დონე 2021 წელთან შედარებით 55%-ით უნდა შემცირდეს.

BMW ერთადერთი ავტომწარმოებელი არაა, რომელიც 2035 წლის მიზნის გადახედვას მოითხოვს. იმავე აზრს იზიარებს VW-ი, ასევე Renault-ი და მათ შორის იტალიის მთავრობაც. 

 

გაზიარება: