Aa Aa
17 ოქტომბერი 2024  |  12:28

1990 წლის BMW M3 შესაძლოა ახალ მოდელზე ძვირად გაიყიდოს

მანქანა სრულყოფილი არაა, თუმცა ერთი შეხედვით ამის მიხვედრა შეუძლებელია.

ავტომოყვარულებისთვის რამდენიმე მოდელს თუ აქვს ისეთი საკულტო მნიშვნელობა, როგორიც E30 BMW M3-ს. ბევრისთვის M3 კვლავ სასურველი და სანატრელი ავტომობილია, მათ შორის მისი ძველი თაობებიც.

ამჯერად აუქციონზე გასაყიდად 1990 წლის M3 გამოჩნდა. ეს მანქანა სრულყოფილი ნამდვილად არაა, მაგრამ, ერთი შეხედვით მისი ინტერიერი და ექსტერიერი ახალივით გამოიყურება. არსებული პროგნოზით, ავტომობილი შესაძლოა $140 000-აც გაიყიდოს, რაც 2022 წლის მოდელის ფასზე ორჯერ ძვირია.

Bring A Trailer-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ M3-ს 117 000 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, თუმცა ამას პირველადი დათვალიერებით მანქანას ნამდვილად ვერ შეატყობთ. იდეალურად გამოიყურება მანქანის ძარა, რაც ნაწილობრივ განახლებების დამსახურებაცაა. მაგალითად, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ განახლდა ავტომობილის კაპოტი, წინა ბამპერი, ასევე ხელახლა გადაიღება მანქანის კორპუსის ნაწილები.

შედეგად კი განსაცვიფრებელი Diamond Black Metallic-ის ფერის 1990 წლის M3 მივიღეთ, რომლის ექსტერიერიც იდეალურად ერწყმის კრემისფერ ტყავის სალონს. ინტერიერი და ექსტერიერი სრულყოფილად გამოიყურება და წლების კვალიც არ ემჩნევა.

1990 წლის E30 2.3-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი S14 ძრავითაა აღჭურვილი. ავტომობილი ქარხნულად 192 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი 230 ნიუტონ მეტრია. M3-ს ხუთსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, რომელიც მთლიან ძალას მანქანის უკანა ბორბლებზე ანაწილებს.

აუქციონის დასრულებამდე ოთხი დღეა დარჩენილი. ამ დრომდე, მანქანის ღირებულებად აუქციონის სახლის ვებგვერდზე $50 000-ია მითითებული, რაც $20 000-ით ნაკლებია სრულიად ახალი M3-ის ღირებულებაზე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კლასიკური E30 M3-ების ფასს გასულ წელს $140 000-იანი შეფასებისთვისაც მიუღწევია, იგივე ვარაუდების დაშვება ამ მოდელის შემთხვევაშიც შესაძლებელია.

 

გაზიარება: