ეს Porsche 911 უკვე 900 ცხ.ძ.-ის მქონე „ჰიპერქარია“
ეს „ჰიპერქარი“ 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 241 კმ/სთ-ით გადაადგილებისას 663-კილოგრამიანი მიმჭერი ძალა აქვს.
გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული საინჟინრო კომპანია RML Group-ი, რამდენიმე ცნობილი მოდელის, მათ შორის Nissan Juke-R-ისა და Aston Martin Vulcan-ის მოდიფიკაციებითაა ცნობილი. კომპანიის უახლესი პროექტი P39 40th Special Edition-ია - 992.1 თაობის 911 Turbo S-ზე დაფუძნებული მაღალი წარმადობის „ჰიპერქარი“.
P39 40SE-ს სტანდარტულ 911-თან შედარებით ოდნავ გრძელი თვლების ბაზა, Le Mans-ის ინსპირაციით შექმნილი კარბონის ძარა და ბევრად მეტი სიმძლავრე აქვს. RML-მა მოდელს გაუმჯობესებული ინტერქულერი და კოლექტორი, Inconel-ის გამონაბოლქვი სისტემა და ახალი, ორტურბინიანი, 3.8-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავა დაუყენა. განახლებებით, Turbo S-ის ქარხნული 640 ცხენის ძალა 900 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაბრუნი მომენტი კი 1 000 ნიუტონ მეტრამდე.
RML-ის მტკიცებით, Nurburgring Nordschleife-ზე, P39 40SE ოთხი წამით უფრო სწრაფია, ვიდრე 911 GT3 RS-ი. ეს კი ნიშნავს, რომ წრეს, RML-ის ახალი პროექტი სულ რაღაც 6 წუთსა და 45 წამში ფარავს. კომპანიის განცხადებითვე, 0-დან 100 კმ/სთ-ს P39 40SE სტანდარტულ Turbo S-ზე 0.2 წამზე სწრაფად აღწევს. უცვლელი დარჩა მანქანის მაქსიმალური სიჩქარე და კვლავ 330 კმ/სთ-ს უტოლდება.
თვლების ბაზის 0.98-დუიმით გაზრდასთან ერთად, კომპანიამ მოდელის წინა და უკანა ღერძი 10 სანტიმეტრით გაზარდა, დამატებით კი მანქანას Le Mans-ის ინსპირაციით შექმნილი კარბონის ძარაც შეუთავსა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ RML-ის ახალ პროექტს 241 კმ/სთ-ით გადაადგილებისას 663-კილოგრამიანი მიმჭერი ძალა აქვს - 4.5-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე Turbo S-ს.
P39-ის განახლება $643 722 ღირს. ბრიტანული კომპანია მის მხოლოდ 10 ეგზემპლარად, სპეციალურ 40SE-only Ruby Red-ის ფერში გამოშვებას გეგმავს.