Aa Aa
18 ოქტომბერი 2024  |  16:14

Toyota-ს პროგნოზით, მძღოლთა 80% მექანიკურ GR Corolla-ს აირჩევს

პირველად, ახალი თაობის Toyota GR Corolla-ში 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იქნება აღჭურვილი. თუმცა ავტომწარმოებელში მაინც თვლიან, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა არჩევანს მოდელის მექანიკურ ვერსიაზე შეაჩერებს, რადგან სწორედ ესაა ის, რაც Corolla-ს ენთუზიასტთა საყვარელ ავტომობილად აქცევს.

Toyota-ს მტკიცებით, ახალ GR Corolla-ში გამოყენებული 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი „პირდაპირი ავტომატური ტრანსმისიაა“ (DAT) და სრულად განსხვავებულია GR Supra-სა და GR 86-სგან. გარდა ამისა, 2025 წლის მოდელს „ლანჩ-კონტროლის“ სისტემაც ექნება, რასაც მექანიკურ ვერსიაში ვერ შევხვდებით.

2025 წლის GR Corolla-ს პრეზენტაციაზე, CarBuzz-თან საუბრისას, Toyota-ს სპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკელი მომხმარებლების 80% არჩევანს მაინც 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის სასარგებლოდ გააკეთებს. ამ ფაქტს კი ვერც ახალი ავტომატური გადაცემათა კოლოფისა და არც „ლანჩ-კონტროლის“ დანერგვა შეცვლის. მიზეზი კი, მისივე თქმით, მარტივია: Corolla-ს ენთუზიასტები ყიდულობენ, რომელთაც მანქანისგან მძაფრი ემოციების მიღება უნდათ.

გადაცემათა კოლოფის ვარიანტების გარდა, 2025 წლის GR Corolla-ს კიდევ ბევრი პლუსი აქვს. ამ მოდელის 1.6-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი ძრავა კვლავ 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა მაბრუნი მომენტი 400 ნიუტონ მეტრამდეა გაზრდილი.

2025 წლის GR Corolla-ს ფასი $39 995 დოლარიდან იწყება - $2 360-ით მეტი გასულ წელთან შედარებით. ფასის ზრდასთან ერთად, ახალ თაობაში დამატებულია სხვადასხვა სტანდარტული ფუნქციები, მათ შორის JBL ხმის სისტემა და გაუმჯობესებულია რიგი მახასიათებლებიც.

 

გაზიარება: