BMW, Neue Klasse, BMW Neue Klasse
Aa
Aa

Neue Klasse-ის დიზაინს BMW შიგა წვის მოდელებშიც გამოიყენებს

თუ BMW-ის „ფანკლუბში“ ხართ, Neue Klasse-ის კონცეფციაც მოგწონთ, თუმცა ნაკლებად ხართ აღფრთოვანებული ელექტრომოდელებით, მაშინ ავტომწარმოებლის ახალი გადაწყვეტილება თქვენთვის სასიხარულო იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული კომპანია მის ახალ სტილს მომდევნო თაობის ყველა მოდელში გამოიყენებს - მათ შორის ელექტრომობილებში, ჰიბრიდებში და დიახ, შიგა წვის მოდელებშიც კი.

BMW-ის შემდეგ თაობებში, მსგავსებას, მხოლოდ დიზაინში არ დაინახავთ. ავტომობილები ერთი და იმავე მაღალტექნოლოგიურ და ფუტურისტულ მახასიათებლებსაც გაიზიარებენ, რაც მძღოლებისთვის თითქმის იდენტურ გამოცდილებას უზრუნველყოფს.

BMW-ის ახალი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება კომპანიის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა ადრიან ვან ჰუიდონკმა გააკეთა. მან, თავადვე, დაარწმუნა BMW-ის გუნდი, Neue Klasse-ის დიზაინის ენა გამოყენებული უნდა იყოს ყველა სხვა მოდელში, განურჩევლად, იქნება ეს ელექტრო თუ შიგა წვის ძრავის მქონე მანქანა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მცირედ განსხვავებებს ექსტერიერსა და ინტერიერში მივიღებთ, თუმცა საერთო სურათი, დიზაინი და შეგრძნებები იდენტური იქნება.

Top Gear-თან საუბრისას, ვან ჰუიდონკმა განმარტა: „მომხმარებლისთვის ეს არ იქნება რთული - ისინი მიიღებენ ახალ თანამედროვე BMW-ს და წამყვანი სისტემის არჩევა კი თავად შეეძლებათ“. BMW გვპირდება, რომ თითოეული მოდელი შეინარჩუნებს თავის გამორჩეულ ხასიათს. შედეგად კი ავტომოყვარულები მიიღებენ „იგივე სულს, ინოვაციური დიზაინით“.

BMW-ის გეგმაზე, Neue Klasse-ის დიზაინი შიგაწვის მოდელებზეც გაეფართოვებინა, ინფორმაცია ცოტა ხნის წინაც გავრცელდა. მაშინ, დასავლურ გამოცემებში, მომდევნო თაობის BMW X5-ის პროტოტიპებიც გამოჩნდა. არსებული ცნობებით, ეს SUV-ი წარმოებაში 2026 წელს უნდა ჩაეშვას და ავტომწარმოებელი მის ჰიბრიდ, ელექტრო და PHEV-ვერსიებად (მაღალი წარმადობის ელექტრიფიცირებული ავტომობილი) გამოშვებასაც გეგმავს.

მსგავსი სიახლეები