Aa Aa
18 ოქტომბერი 2024  |  18:55

ყველაფერი, რაც ახალი Ferrari F80-ის შესახებ უნდა იცოდეთ

Ferrari-ის ახალი „ჰიპერქარის“  ჰიბრიდული V6-ძრავა დაახლოებით 1 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ცოტა ხნის წინ, McLaren-მა, ახალი W1 წარადგინა. დიდ ხანს არც Ferrari-ის მოუცდია და მალევე, იტალიურმა კომპანიამ ახალი „ჰიპერქარი“ გამოაჩინა, რომლის საშუალებითაც, LaFerrari-ის მსგავსად, ისტორიის გადაწერას გეგმავს.

მთავარი სიახლე კაპოტის ქვეშ ჰიბრიდული V6 ძრავაა. ახალი მოდელში, V12-ის მაგივრად, ავტომწარმოებელმა ტურბოდაბერვის V6 და სამი ელექტროძრავა გამოიყენა. მხოლოდ 3-ლიტრიანი ძრავა 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ელექტროძრავებთან ერთად კი ეს მაჩვენებელი 1 184 ცხენის ძალამდე იზრდება. ახალ Ferrari-ს 0-დან 100 კმ/სთ-ს მიღწევისთვის მხოლოდ 2.15 წამი სჭირდება, 200 კმ/სთ-ის მისაღწევად კი, დაახლოებით, 5.75 წამი. F80-ის მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია, რის შედეგადაც, ეს მოდელი შედარებით უფრო სწრაფია ვიდრე McLaren W1.

უკეთესი მუშაობისთვის, Ferrari-ის ინჟინრებმა, ძრავაში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს, მათ შორის, Ferrari 296-ის მოდელთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა წნევა წვის კამერაში. ამ და სხვა გაუმჯობესებებით, V6 აღწევს ძრავის მაქსიმალურ სიჩქარეს 9000 ბრ/წთ-ში.

Ferrari-მ ახალი მოდელებისთვის ელექტროძრავები თავადვე შექმნა. მანქანის წინა ღერძზე ორი ელექტროძრავაა განთავსებული, უკანა ღერძზე კი ერთი. უკანა ელექტროძრავას სამი ძირითადი მოვალეობა აკისრია: ძრავის დაქოქვა, ენერგიის აღდგენა და საჭიროების შემთხვევაში მაბრუნი მომენტის გაზრდა.

გარდა ამისა, ეს ძრავა დამატებით 80 ცხენის ძალას ამატებს ავტომობილის მთლიან სიმძლავრეს და რეგენერაციის რეჟიმში, 70 კვტ ენერგიის აღდგენა შეუძლია. სამივე ელექტროძრავა 800-ვოლტიან ლითიუმ-უჯრედოვან ბატარეასთანაა დაკავშირებული, რომლის საერთო სიმძლავრე 2.3 კილოვატ/საათია.

იტალიური ავტომწარმოებელი ახალ F80-ში უნიკალურ, ასიმეტრიულ „მონოკოკის“ შასს იყენებს, რომელიც კარბონისა და კომპოზიტური მასალებისგანაა აგებული. სახურავი მთლიანად კარბონისგანაა დამზადებული, ხოლო წინა და უკანა ქვეჩარჩოები ალუმინისაა. შასის ასიმეტრიული დიზაინი ნიშნავს, რომ მძღოლის სავარძელი რეგულირდება, ხოლო ე.წ. „ბატერფლაი“ კარები მანქანის დიზაინს დამატებით ელფერს სძენს.

F80-ს ტრადიციული ორი ადგილიანი განლაგება აქვს, მძღოლზე ორიენტირებული კაბინით - Ferrari ამას „1+“ კონფიგურაციას უწოდებს. მართვის პანელი დახრილია მძღოლისკენ, ხოლო მძღოლის სავარძელი რეგულირებადია, განსხვავებით მგზავრის სავარძლისგან, რომელიც ფიქსირდება შასისზე. Ferrari-მ ასევე შექმნა ახალი საჭე F80-ისთვის უფრო ბრტყელი ზედა და ქვედა ნაწილით, რომელიც მომავალში Ferrari-ის სხვა მოდელებშიც გამოჩნდება.

Ferrari F80-ის დიზაინში რეტროელემენტებიც უხვადაა. მათ შორისაა Daytona-თი ინსპირირებული მაშუქები და F40-ის სტილის უკანა ბორბლის თაღები. აეროდინამიკური მახასიათებლების უმეტესი ნაწილი კი, ავტომობილს Formula 1-სგან აქვს მიღებული, როგორიცაა წვეტიანი ცხვირი და Ferrari-ის S-Duct-ი. შედეგად, 250 კმ/სთ-ზე, წინა ღერძზე, მოდელს 460-კილოგრამიანი მიმჭერი ძალა აქვს. აქტიური ფრთითა და დიდი დიფუზუროთ კი, მიმჭერი ძალის მთლიანი მაჩვენებელი 1 000 კილოგრამს აღწევს.

F80-ს სამი წამყვანი რეჟიმი ექნება: „ჰიბრიდი“, „წარმადობა“ და „კვალიფიკაცია“. ავტომობილს სრულად ელექტრორეჟიმი არ აქვს, თუმცა, „ჰიბრიდი“ ენერგიის აღდგენაზეა ფოკუსირებული, რაც მის ოპტიმიზაციაზეც აისახება.

ახალი Ferrari-ის ღირებულება €3.6 მილიონია, ახლანდელი კურსით $4 მილიონი. ეს მას, მარტივად, ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ახალ Ferrari-დ აქცევს. წარმოება 2025 წლის ბოლოს დაიწყება და 2027 წლამდე გაგრძელდება.

გაზიარება: