ავტოსადგომზე გაჩენილმა ხანძარმა 30 მანქანა შეიწირა
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. თუმცა ზარალი, რამდენიმე ათეულ ათას დოლარს ითვლის.
ჰიუსტონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომზე გაჩენილ ხანძარს დაახლოებით 30 მანქანა შეეწირა. ზარალი მაღალია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანებულ მანქანათა ნაწილი დაზღვეულიც კი არ იყო.
ხანძარი 14 ოქტომბერს, დაახლოებით დილით ოთხ საათზე გაჩნდა. გამომძიებელთა თქმით, ხანძარი ერთ-ერთ ავტომობილში, ელექტროჩართვის შედეგად დაიწყო და მალევე, ავტოსადგომზე მყოფ თითქმის ყველა მანქანაზე გავრცელდა.
როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ხანძრის შედეგად, მანქანათა დიდი ნაწილი დაიწვა, დაზიანდა ავტოსადგომის სახურავიც. საბედნიეროდ, ხანძარი პირველ სართულზე არ გავრცელებულა და ადგილობრივმა მეხანძრეებმა მისი ჩაქრობაც მალევე შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც Click2Houston-თან საუბრისას სრულად დამწვარი Mercedes A-Class-ის მფლობელმა იოსეფ ალკატიპმა განაცხადა, მისი ავტომობილი დაზღვეული არ ყოფილა. საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერმა კი მას უთხრა, რომ კომპანია ზარალს არ აუნაზღაურებდა.
True Insurance Group-ის წარმომადგენლის ჯეიკ პასეროს შეფასებით, საცხოვრებელი ბინების კომპლექსი, სავარაუდოდ, ვერ იქნება პასუხისმგებელი ხანძრის გაჩენასა და შედეგებზე და არც მათი სადაზღვევო კომპანიის ვადლებულებაშიც შედის განადგურებული მანქანები აღდგენა ან შეცვლა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტი, არა ბინებს, არამედ ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანებს ეხება, მიმაჩნია, რომ მათი აღდგენისა და შეცვლის ვალდებულებაც მფლობელებს, ან მათ სადაზღვევო კომპანიებს აკისრიათ“, - განაცხადა პასერომ.
რეალურად, აშშ-ის თითქმის ყველა შტატი მძღოლებისგან მოითხოვს, ჰქონდეთ ავტომობილების დაზღვევის აქტიური პოლისი. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრი ადამიანი კანონმდებლობას არ იცავს და ეს შემთხვევაც ამტკიცებს, რომ ამას ცუდი შედეგები მოჰყვება.