Aa Aa
21 ოქტომბერი 2024  |  16:06

შუმახერის ბოლო Ferrari-ის ბოლიდი აუქციონზე იყიდება

ამ ბოლიდით შუმახერმა ხუთი რბოლა მოიგო და სენას „პოლ-პოზიციის“ რეკორდიც მოხსნა.

Formula 1-ის ბოლიდის ყიდვის შესაძლებლობა, „ჩვეულებრივ მოკვდავებს“ არც თუ ისე ხშირად ეძლევათ. თუმცა ეს შემთხვევა გამონაკლისია და თანაც, ამჯერად, გასაყიდად არც მეტი არც ნაკლები, მიხაელ შუმახერის ბოლიდია გამოტანილი.

შუმახერის ბოლიდი გასაყიდად Sotheby’s-ის აუქციონზე გამოჩნდა. ეს ბოლიდი, Ferrari-ის გუნდისთვის გერმანელი პილოტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარბოლო მანქანაა. 2006 წლის Ferrari 248, შასი no. 254, რომელმაც შუმახერს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული გრან-პრები. 2006 წლის ბოლიდით, შუმახერმა სენას „პოლ-პოზიციის“ რეკორდიც მოხსნა.  

უნდა ითქვას ისიც, რომ 248  Ferrari-სთვის 1964 წლის შემდეგ პირველი F1-ის ბოლიდი იყო, რომელიც V8-ით აღიჭურვა. მანქანა ქარხნულად 730 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, თუმცა სეზონის ბოლოსკენ, სხვადასხვა განახლებებით, ბოლიდის შესაძლებლობები 785 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

ამჟამინდელმა მფლობელმა მანქანა Ferrari-ს გუნდისგან 2007 წლის დეკემბერში შეიძინა. ხოლო 2008 წელს, Ferrari Classiche Red Book-ის სერტიფიკატიც მიიღო, რომლითაც დასტურდება, რომ მანქანის ყველა ნაწილი ქარხნულია და შესაბამისი ნომრებიც აქვთ.

Sotheby’s-ზე შუმახერის მანქანის გასაყიდი ფასი მითითებული არაა. აუქციონი 14 ნოემბერს დაიწყება.

 

გაზიარება: