Aa Aa
22 ოქტომბერი 2024  |  10:41

BMW–დან Rolls-Royce–მდე: ოთხი პირი 120-მდე მდიდრული მანქანის მოპარვაშია ბრალდებული

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხ მამაკაცს, მილიონობით დოლარის ღირებულების მდიდრული ავტომობილების ქურდობისთვის ბრალი წაუყენეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დანაშაული რამდენიმე ქვეყანას და ათეულობით ძვირად ღირებულ მოდელს მოიცავს.

სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოთხ პირს ბრალი, 2023 წლის თებერვლიდან ივლისის პერიოდში, ათზე მეტ სადილეროში შეჭრაში ედება. ხუთი თვის მანძილზე, მძარცველებმა 120-მდე მანქანა მოიპარეს, მათ შორისაა BMW-ს, Porsche-ს, Bentley-ს, Rolls-Royce-ს, Mercedes-ისა და Land Rover-ის მოდელები. მოპარული ავტომობილების საერთო ღირებულება დაახლოებით $5 მილიონია.

საგამოძიებო ორგანომ საქმე, ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაციაზე დაყრდნობით, გახსნა. ჯგუფის ორი წევრი კი, Jeep Grand Cherokee Trackhawk-ის მოპარვის დროს აიყვანეს, რის შემდეგაც პოლიციამ დამატებით 41 მანქანა და თერთმეტი ველოსიპედიც აღმოაჩინა. მანქანების უმეტესობა მასაჩუსეტსშია ნაპოვნი. ხოლო ერთ-ერთი მოპარული Range Rover-ი მაშინ იპოვეს, როდესაც მძარცველებს ის აფრიკაში გადაჰქონდათ.

ამ დროისთვის ოთხივე დაკავებული საპატიმროში რჩება, გამოძიება კი გრძელდება. ქურდობის გარდა, ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მოპარული ქონების სახელმწიფოთაშორისო ტრანსპორტირებასაც ედავება. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ავტომობილებთან ერთად მოპარულია Husqvarna-ს 19 მოტოციკლი და რამდენიმე ველოსიპედი. 

 

 

გაზიარება: