Lamborghini დილერს მისი მანქანების გადაყიდვით მილიონობით დოლარის მოპარვაში ადანაშაულებს
იტალიური ავტომწარმოებელი Lamborghini, ერთ-ერთ სადილოეროს სასამართლოში უჩივის და მისი მანქანების გადაყიდვაში ადანაშაულებს. სარჩელის თანახმად, დილერი არა მხოლოდ გადამყიდველებზე ყიდდა მანქანას, არამედ ამას მოტყუებითაც აკეთებდა და ბონუსებით მილიონობით დოლარს გამოიმუშავებდა.
სასამართლოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, Lamborghini თაღლითობაში ილინიოსის შტატში დაფუძნებულ Gold Coast Exotics-ის სადილეროს, მის პრეზიდენტსა და ერთ-ერთ თანამშრომელს ადანაშაულებს. ავტომწარმოებლის ინფორმაციით, „საეჭვო ტრანზაქციები“ გაყიდვების დეპარტამენტის აუდიტმა გამოავლინა.
Auto News-ის ცნობით, Lamborghini ოთხ კონკრეტულ შემთხვევაზე მიუთითებს. ერთ შემთხვევაში, დილერმა ავტომწარმოებელს აცნობა, რომ ახალ Urus SUV-ს ყოფილ პროფესიონალ სპორტსმენზე ყიდდა, რეალურად კი ავტომობილი „ცნობილ ძვირად ღირებულ გადამყიდველს“ მიაწოდა. როგორც ჩანს, ეს გადამყიდველი ადრე თაღლითურ საქმიანობასთან, მათ შორის ფულის გათეთრებასთან იყო კავშირში. იგივე დილერზე გაიყიდა კიდევ ერთი Urus-ი.
მეორე საქმის თანახმად, დილერმა, Huracan-ი მისი თქმით ერთ-ერთი კლინიკის აღმასრულებელ დირექტორზე გაყიდა. რეალურად კი, ეს მოდელი ერთ-ერთ ცნობილ მსჯავრდადებულთან მოხვდა, რომლის საკუთრებაშიც მაიამიში არსებული ძვირად ღირებული მანქანების გაყიდვისა და გაქირავების სერვისი იყო.
Lamborghini-ის მტკიცებით ეს სქემა 2019 წლით თარიღდება, რა პერიოდშიც, დილერმა დაახლოებით $4 მილიონის ბონუსები გამოიმუშავა. თუმცა Gold Coast-ი დანაშაულს არ აღიარებს და აპელირებს იმ ფაქტით, რომ რეალურად, Lamborghini-ს წვდომა მხოლოდ ბოლო 12 თვის მონაცემებზე ჰქონდა.
ამ ეტაპზე სასამართლო დავა დასრულებული არაა. Gold Coast-ი კი Lamborghini-ის მოდელების გაყიდვებს კვლავ განაგრძობს. უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მაგრამ ფაქტი ერთია: Lamborghini მზადაა დაიცვას მისი ნებისმიერი პროდუქტი, თუ ის გადამყიდველების ხელში აღმოჩნდება.