Aa Aa
22 ოქტომბერი 2024  |  19:35

არასრულწლოვანი მოპარული Corvette-ით გადაადგილებისას დააკავეს

რუტინული საღამო სან-ბერნარდინოს პოლიციის ბრიგადისთვის მაღალსიჩქარიან თავგადასავლად გადაიქცა, მას შემდეგ, რაც დეპარტამენტში სპორტული მანქანის მოპარვის შესახებ შეტყობინება შევიდა. როგორც შემდგომ ცნობილი გახდა, მოპარულ Chevrolet Corvette-ს მხოლოდ ორი მგზავრი ჰყავდა და ორივე, თინეიჯერი.

მოპარულ Chevrolet Corvette-ს სამართალდამცველები კალიფორნიის გზატკეცილზე დაედევნნენ. არასრულწლოვანი მძღოლის დაკავება კი მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოახერხეს. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ისიც, რომ Corvette-ს მხოლოდ და მხოლოდ 15 წლის მოზარდი მართავდა, მგზავრის სავარძელში კი 19 წლის პირი იყო.

დევნის კადრები ახალი ამბების ვერტმფრენმა გადაიღო. სააგენტოს ცნობით, არასრულწლოვანი მოპარული Corvette-ით 160 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდებოდა. შემთხვევის ერთ მომენტში, სამართალდამცველებს ტრასაზე შემაკავებელი ბილიკის დამაგრებაც მოუწიათ, რამაც მანქანის წინა ბორბალი დააზიანა და პოლიციელებს საქმეც გაუმარტივა.

კადრებში ჩანს ისიც, რომ საბურავის დაზიანების შემდეგ, მანქანის სიჩქარე სწრაფადვე დავარდა. თუმცა მძღოლმა ავტომობილის მართვა მაინც გააგრძელა და რამდენიმე სხვა მანქანასაც გადაასწრო მანამ, სანამ საბურავი Corvette-ს არ მოძვრა და მანქანაც ბარიერებს მიეჯახა. საინტერესოა, რომ ავარიამდე, მოპარული Corvette-ით არასრულწლოვანმა მძღოლმა თითქმის 112 კილომეტრი გაიარა.

იმის გათვალისწინებით, რომ მძღოლი მხოლოდ 15 წლისაა, საგამოძიებო ორგანო მის შესახებ პირად ინფორმაციას არ ავრცელებს. კომენტარი არ გაკეთებულა არც Corvette-ში მყოფ მეორე თინეიჯერთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება. 

 

გაზიარება: