Aa Aa
23 ოქტომბერი 2024  |  11:49

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია | საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები წარმოადგინა. საქსტატის ანგარიშით, 2024 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონელი კვლავ მსუბუქი ავტომობილებია.

იანვარ-სექტემბერში, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $16.77 მილიარდს გადააჭარბა, საიდანაც ექსპორტმა $4.7 მილიარდი, ხოლო იმპორტმა $11.9 მილიარდი შეადგინა. აქედან, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა. 

2024 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში მსუბუქმა ავტომობილებმა ქვეყნის მთლიანი იმპორტის 19.5% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, ამ პერიოდში, $2.34 მილიარდის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა. მსუბუქი ავტომობილების უმსხვილესი იმპორტიორი კი ამერიკის შეერთებული შტატებია.

წელს აშშ-იდან საქართველოში დაახლოებით $1.49 მილიარდის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა. შეერთებულ შტატებთან ერთად, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების უმსხვილესი იმპორტიორები არიან გერმანია, იაპონია, თურქეთი, სამხრეთი კორეა და ჩინეთი.

2024 წლის პირველ ცხრა თვეში, მთლიანი ექსპორტის 36.8%-ს შეადგენდა მსუბუქი ავტომობილები. იანვარ-სექტემბრის პერიოდში, საქართველომ ექსპორტზე დაახლოებით $1.763 მილიარდის მსუბუქი ავტომობილები გაიტანა. აღნიშნულ დროით მონაკვეთში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების უდიდესი ნაწილი ყირგიზეთში გადიოდა. ყირგიზეთთან ერთად კი, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილები ასევე გადის ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და  უზბეკეთში.

გაზიარება: