Aa Aa
23 ოქტომბერი 2024  |  13:14

ყველაზე ძვირად ღირებული ავარია? - ერთმანეთს ორი Bugatti Chiron-ი შეეჯახა

მაროკოში გამართული Bugatti Grand Tour-ი მოულოდნელად, 2024 წლის, ალბათ, ყველაზე ძვირად ღირებული ავარიით დასრულდა. Bugatti Chiron-ის საკუთარი მართვის უნარებში ზედმეტად დარწმუნებული ორი მძღოლი ერთმანეთს შეეჯახნენ მაშინ, როდესაც რბოლაში პოზიციების შენარჩუნებას ცდილობდნენ.

ინციდენტი 21 ოქტომბერს, ტანჟერისა და ტეტუანის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე მოხდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო Reddit-ზე გავრცელდა. კადრებში თავდაპირველად Bugatti-ის სამი მოდელი ჩანს, რომლებიც ინციდენტამდე რამდენიმე წამით ადრე გზაზე მიმავალ ავტობუსს ასწრებენ. რეალურად, იმ მძღოლებისთვის, რომელთაც ეს გზა არ იციან, ამ მონაკვეთზე გადასწრება რეკომენდებული არაა, თანაც თუ ასეთი ძვირად ღირებული „ჰიპერქარის“ საჭესთან სხედან.

ვერცხლისფერი Chiron Super Sport-ი, აშკარად არ კმაყოფილდება მხოლოდ ავტობუსის გასწრებით და ცდილობს უკან თეთრი Chiron-ი და სატვირთოც ჩამოიტოვოს. შედეგი? ორი Chiron-ი ერთმანეთს ეჯახება - მათგან ერთი გზაზე რჩება, მეორე კი, გზიდან ვარდება.

და ამ შემთხვევას, მხოლოდ ორი „ჰიპერქარი“ არ ეწირება. შეჯახების შედეგად გზიდა, თხრილში გადავარდა სატვირთო ავტომობილიც.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ Chiron Super Sport-ს წინა ბამპერი, კაპოტი და ცხაური დაზიანებული აქვს. შედარებით მარტივად  გადაურჩა ავარიას მეორე „ჰიპერქარი“, თუმცა არც ამ „ნაკაწრების“ შეკეთება დაუჯდება მფლობელს იაფი.

ორივე Bugatti-ს მძღოლი თავს კარგად გრძნობს, თუმცა უცნობია სატვირთოს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობა Bugatti Grand Tour Morocco 2024-ში მონაწილეობა 12-მა „ჰიპერქარმა“ მიიღო. მათ შორის იყო Veyron Vitesse, Chiron-ი, Chiron Pur Sport-ი, Chiron Super Sport-ი და Chiron Super Sport 300+. ღონისძიებას ესწრებოდა Bugatti Rimac-ის აღმასრულებელი დირექტორი მათე რიმაციც.  

გაზიარება: