Aa Aa
23 ოქტომბერი 2024  |  15:49

ინფლუენსერის Lamborghini Revuelto 170 კმ-ის გავლის შემდეგ დაიწვა

ნიუ-იორკის მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ, გზებზე Revuelto-ების რაოდენობა ერთით შემცირდა. 6.5-ლიტრიანი V12-ის მქონე სუპერქარს, რომელიც Corsa Auto Group-ის ინფლუენსერს ეკუთვნოდა, მაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა და ეს, ავტომობილის შეძენიდან, სულ რაღაც ორ კვირაში მოხდა.

აღნიშნული ავტომობილი ეთან დიურანს ეკუთვნის, მანქანების გაქირავების კომპანია Corsa Auto Group-ის ინფლუენსერს. დურანმა Lamborghini გასული წლის სექტემბერში შეუკვეთა, ავტომწარმოებელმა კი Revuelto ახალ მფლობელს მიმდინარე თვის დასაწყისში ჩააბარა. სამწუხაროდ, იტალიური სუპერქარი სულ რაღაც ორ კვირაში „განადგურდა“. ამ დროს, ავტომობილს 175 კილომეტრიც კი არ ჰქონდა სრულად გავლილი.

უცნობია თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი. როგორც ინფლუენსერი Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ამბობს, ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც შეამჩნია, რომ ავტომობილის უკანა ნაწილიდან კვამლი ამოდიოდა. მძღოლმა მაშინვე დატოვა Lamborghini, ხანძარი კი რამდენიმე წუთში მანქანაზე მთლიანად გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადები, თუმცა ხანძრის ჩაქრობა მანამ ვერ მოხერხდა, სანამ მანქანა მთლიანად არ განადგურდა. შემთხვევა დურანმა თავადვე გადაიღო და სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს რამდენიმე მცირე აფეთქება და ისმის ინფლუენსერის კომენტარებიც, სადაც ის ინციდენტს „სიგიჟეს“ უწოდებს.

საინტერესოა, რომ ეს Revuelto-სთვის ცეცხლის გაჩენის პირველი ცნობილი შემთხვევაა. თუმცა მისი წინამორბედი Aventador-ი 2017 წელს, გამონაბოლქვის სისტემაში შესაძლო დეფექტის გამო, უკან გაიწვიეს. ჯერ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ Revuelto ისეთივე მიდრეკილია ხანძრის მიმართ, როგორც Aventador-ი, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს შემთხვევა მის ბევრ მფლობელს დააეჭვებს.

გაზიარება: