Aston Martin Zagato-ს უიშვიათესი კოლექცია აუქციონზე იყიდება
ძვირად ღირებული ავტომობილების მოყვარულთათვის Aston Martin Works-მა აუქციონზე უიშვიათესი კოლექცია გამოიტანა. კომპანიამ გასაყიდად ოთხი ავტომობილი წარადგინა, მათ შორის სამი Vanquish Zagato და ერთიც, კიდევ უფრო იშვიათი DBS GT Zagato.
კოლექცია, რომელიც DBS GT Zagato-სთან ერთად, Aston Martin Vanquish Zagato Volante-ს, Zagato Shooting Brake-სა და Zagato Speedster-ს აერთიანებს, ამ დრომდე კერძო პირის საკუთრებაში იყო. ამ ჩამონათვალს, სრულყოფისთვის, მხოლოდ ქარხნული Vanquish Zagato Coupe აკლია.
Aston Martin-მა Vanquish Zagato Volante-სა და Shooting Brake-ის მხოლოდ 99 ეგზემპლარი გამოუშვა, Speedster-ი კი, კომპანიამ, მხოლოდ 28 ერთეული აწარმოვა. რაც შეეხება DBS GT Zagato-ს, Aston Martin-მა მოდელის მხოლოდ 19 ვერსია შექმნა.
საინტერესოა, რომ DBS GT Zagato-ს მფლობელმა გადაწყვიტა, რომ ეს მოდელი, კლასიკური DB4 GT Zagato Continuation-სგან განცალკევებით გაყიდოს. ეს ორი უიშვიათესი მოდელი DBZ Centenary-ის კოლექციის ნაწილია. ამ კოლექციის თავდაპირველი ღირებულება $7.8 მილიონი იყო, თუმცა ცალკე გაყიდვის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამ ავტომობილების ფასიც გაიზრდება.
ამ მიდგომამ შესაძლოა გაამართლოს კიდეც, რადგან კოლექციონერებში ორივე მანქანა, მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, დიდი პოპულარობით სარგებლობს. იმ სეგმენტისთვის კი, რომლისთვისაც Aston Martin-მა ეს მოდელები შექმნა, სასურველ მოდელში დიდი თანხის გადახდა პრობლემას არასდროს წარმოადგენდა.
Vanquish Zagato მისი წინამორბედის, Aston Martin Vanquish-ის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც 2012-2018 წლებში გამოდიოდა. ამ ავტომობილის კაპოტქვეშ V12-ია მოთავსებული, რომელიც 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება DBS GT Zagato-ს, ის Aston Martin DBS Superleggera-ს ბაზაზე შეიქმნა, ორტურბინიანი V12-ითაა აღჭურვილი და 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.