რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12 კმ გაიხსნა | განახევრდება მგზავრობის დრო
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. საერთო ჯამში, ტრანსპორტი ახალი 4-ზოლიანი გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით ისარგებლებს.
„ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად გახსნილი იქნება 3 მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კილომეტრი. მათ შორის, რიკოთის ისტორიული, ახლად რეაბილიტირებული გვირაბი და მისი პარალელური ახალი გვირაბი“, - ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში.
საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა 8 კილომეტრით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს. დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის ახალი მონაკვეთის გავლას 35 წუთი დასჭირდება.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდი ლარია.
ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. ამ ეტაპზე, ინტენსიური სამუშაოები გრძელდება ჩუმათელეთი-ხევის დარჩენილ 4-კილომეტრიან მონაკვეთზე. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.