Honda, Honda Accord, Honda Civic, უკან გაწვევა, Honda CR-V
Aa
Aa

Honda 720 000-ზე მეტ ყველაზე გაყიდვად მოდელს უკან გაიწვევს

გასულ კვირას, Honda-მ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 98 ერთეული CR-V უკან გაიწვია. იაპონურმა ავტომწარმოებელმა რამდენიმე დღის წინ ავტომობილების უკან გაწვევის კიდევ ერთი ეტაპი დააანონსა, თუმცა როგორც ჩანს, პრობლემა ამ შემთხვევაში უფრო სერიოზული და მასშტაბურია.

Honda-ს გადაწყვეტილება ავტომწარმოებლის 720 000-ზე მეტ ყველაზე გაყიდვად მოდელს, მათ შორის CR-V-საც შეეხება. კომპანიის ინფორმაციით, ამ მოდელებში გაუმართავი საწვავის ტუმბოების არსებობამ, შესაძლოა ხანძრის პოტენციური საფრთხე წარმოქმნას.

Honda-ს ინჟინრებმა დეფექტი Hitachi-ს მიერ წარმოებულ მაღალი წნევის საწვავის ტუმბოებში აღმოაჩინეს. მათივე შეფასებით, ტუმბოები არასწორადაა დამზადებული, რაც ბზარებს გაჩენისა და საწვავის გაჟონვის საფრთხეს აჩენს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, პირველი საგარანტიო მოთხოვნა Honda-მ 2023 წლის თებერვალში მიიღო, რის შემდეგაც, მომხმარებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა.

ამ ეტაპზე, Honda-ს დაზიანებული საწვავის ტუმბოს შესახებ 143-მა მომხმარებელმა აცნობა. დეფექტის გამო, ხანძრის გაჩენის ან მძღოლთა დაზიანების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

Honda-ს მიერ დაანონსებული უკან გაწვევის ახალი ეტაპი, როგორც გითხარით, 720 810 ავტომობილს შეეხება. მათ შორის 2023-24 წლების Accord-ის, 2025 წლის Civic-ისა და 2023-25 წლების CR-V-ის მოდელებს. სამივე მოდელის შემთხვევაში, ავტომწარმოებელმა უკან გაიწვია, როგორც მხოლოდ საწვავზე მომუშავე, ასევე ჰიბრიდი ვერსიები.

ავტომობილების უკან გაწვევის პროცესს Honda დეკემბრიდან დაიწყებს. მანამდე კი, მძღოლებს უფლება ექნებათ მართონ თავიანთი მანქანები. თუმცა კომპანია მფლობელებს ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ბენზინის სუნის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ სერვისცენტრს მიმართონ.

მსგავსი სიახლეები