BMW, Manhart, BMW M5, MH5 800E
Aa
Aa

Manhart-ის ახალი M5, რომელიც 800 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს

რამდენიმე თვის წინ, გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-იმ მისი ერთ-ერთი საკულტო მოდელის, M5-ის ახალი თაობა წარადგინა. დიდხანს არც Manhart-ს დაუცდია და მალევე, M5-ის განახლებული ვერსია შეიმუშავა, გაუმჯობესებული წარმადობითა და დიზაინით. ბევრის შეფასებით, Manhart-ს მოდელს აქვს ის, რასაც BMW-ის ენთუზიასტები ახალი M5-სგან მოელოდნენ.

MH5 800E-ში კომპანიამ ელექტროძრავა უცვლელი დატოვა, თუმცა გაზარდა M5-ის ქარხნული, ორტურბინიანი 4.4-ლიტრიანი V8-ის გამომუშავება. შედეგად, Manhart-ის მოდიფიცირებული მოდელი ახლა დაახლოებით 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაშინ, როდესაც სტანდარტული M5-ის შესაძლებლობები 717 ცხენის ძალით შემოიფარგლებოდა.

ამ გაუმჯობესებებითაც, 800E საგრძნობლად ჩამოუვარდება MH5 900-ის შესაძლებლობებს, რომელიც 915 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს უკანასკნელი Manhart-მა F90 M5-ის ბაზაზე შექმნა.

Manhart-მა მოდიფიცირებული M5-ის ოფიციალური რენდერები უკვე გამოაქვეყნა. როგორც ფოტოებზეც ჩანს, კომპანია მოდიფიცირებულ ვერსიაში მხოლოდ ავტომობილის შესაძლებლობების გაზრდით არ შემოიფარგლა და ცვლილებები M5-ის დიზაინშიც შეიტანა. განახლებულია ავტომობილის წინა ნაწილი, ასევე უკანა სპოილერი, კაპოტი კი სრულად კარბონისაა.

Manhart-მა ოფიციალური რენდერები წარადგინა, როგორც G90-ის სედანის ვერსიისთვის, ასევე G99 Touring-ისთვის. გავრცელებული ცნობებით, მოდიფიცირებულ მოდელებში გაუმჯობესებულია ავტომობილის ძარაც, თუმცა Manhart-ს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

MH5 800E-ის, როგორც სრული კონსტრუქციის, ასევე ცალკეული კომპონენტების ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მხოლოდ Concave One-ის დისკების სრული კომპლექტის ფასი კი, ზომების მიხედვით, 3 870-7 200 ევროს ფარგლებში იქნება.

მსგავსი სიახლეები