ავარიის შემდეგ, ამ Huracan-ის ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია
Lamborghini Huracan-ის საჭესთან, ავტომობილის სწრაფად მართვის სურვილი ბევრს უჩნდება. ატმოსფერული V10 ძრავით აღჭურვილი „სუპერქარი“ 600-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მძღოლებს დაუვიწყარი მართვის გამოცდილებას ჰპირდება.
თუმცა, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მძღოლებმა მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე უნდა იფიქრონ და გარშემომყოფებს საფრთხე შეუქმნან. მაგრამ ასეთი შემთხვევებიც ხშირად ხდება და ნიუ-იორკის ინციდენტიც, ამის ერთ-ერთი მაგალითია.
ჰილთაუნსი ტყის ულამაზესი პეიზაჟებითა და გამორჩეული სატრანსპორტო გზებითაა ცნობილი. ეს ტერიტორია სრულად აკმაყოფილებს სწრაფი მანქანების მოყვარულთა მოთხოვნებს და გასაკვირი არცაა, რომ გზაზე ერთდროულად ხუთი ან ექვსი „სუპერქარი“ ხშირად გადაადგილდება. Times Union-ის ინფორმაციით, შემთხვევის დღესაც, გზაზე რამდენიმე სუპერქარი შენიშნეს, Lambo-ს მძღოლმა კი კონტროლი მოულოდნელად დაკარგა. „ძალიან, ძალიან ქარიანი გზაა და მძღოლი ძალიან სწრაფად მიდიოდა“, - განაცხადა ოლქის შერიფმა კრეიგ ეპლმა, Times Union-თან.
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათ შორის არც Huracan-ის მძღოლი, რომელმაც ინციდენტიდან რამდენიმე წამში, სანამ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდებოდა, გადმოსვლაც მოასწრო. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ Huracan-ისგან ბევრი არაფერი დარჩენილა.
უსაფრთხოების სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებულ კადრებზე, რამდენიმე ეგზოტიკური „სუპერქარი“ ჩანს და მათი ძრავის ხმებიც მკაფიოდ ისმის. რამდენიმე V8-სა და V10-ების ხმა კი ცხადყოფს, რომ მათი მძღოლები ნელა ნამდვილად არ გადაადგილდებოდნენ.