Aa Aa
25 ოქტომბერი 2024  |  16:40

მანქანები, რომლებსაც თავდაპირველი მფლობელები არ ყიდიან | ტოპ 10

ტრასებზე ავტომობილების საშუალო ასაკი ყოველწლიურად იზრდება. მარტივი შესამჩნევია, რომ „ასაკოვან“ ავტომობილებს შორის ძირითადად Toyota-ს მოდელები ჭარბობს. უახლესი კვლევის თანახმად, იაპონური კომპანიის ავტომობილები მის თავდაპირველ მფლობელებს ყველაზე დიდხანს ჰყავთ.

ანგარიში iSeeCars-მა გამოაქვეყნა. პლატფორმის რეიტინგში, რომელიც ჯამში 10 მოდელს აერთიანებს, Toyota ლიდერობს. ათეულში ვხვდებით Nissan-ის, Subaru-სა და Honda-ს მოდელებსაც. ეს სწორედ ის მანქანებია, რომელთაც თავდაპირველი მფლობელები ხშირად 15 წელზე მეტხანსაც იყენებენ. უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგის ლიდერებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ ერთი მოდელი - Ford Escape Hybrid-ი მოხვდა.

საერთო ჯამში, iSeeCars-მა ანგარიშის შესადგენად 929 000-ზე მეტი მანქანა გამოიკვლია, რომლებიც 1981-2009 წლებში გაიყიდა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, iSeeCars-მა ის ტოპ-10 მოდელი გამოავლინა, რომლებიც გამოსვლიდან 15 წლის შემდეგაც, თავიანთი პირველი მფლობელის საკუთრებაში რჩებიან.

Nissan Versa

პირველი თაობის Versa ავტომწარმოებელმა 2006 წელს გამოუშვა. iSeeCars-ის კვლევით, მომხმარებელთა 5.7%-ს ეს მოდელი საკუთარ ავტოფარეხში კვლავ ჰყავს.

Lexus IS 350

2006 წელს, ამერიკაში IS 350-ის პირველი თაობის შესვლასთან ერთად, მოდელმა მომხმარებელში დიდი პოპულარობა მოიპოვა. თავდაპირველ მფლობელთა 5.8%-ს ეს მოდელი ისევ ჰყავს.

Toyota RAV4

დღეს, RAV4 ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე გაყიდვადი SUV-ია. თუმცა ძველი მოდელები მძღოლებს კვლავ უყვართ და მათ 6.2%-ს RAV4 წლების შემდეგაც ჰყავს.

Ford Escape Hybrid

რეიტინგში ერთადერთი არაიაპონური მოდელი Ford Escape Hybrid-ია. აშშ-ის ბაზრისთვის Escape ერთ-ერთი პირველი ჰიბრიდი იყო და თავდაპირველ მფლობელთა 6.3%-ს ის კვლავ ჰყავს.

Honda CR-V

CR-V-ის ძველ თაობას, თავდაპირველ მფლობელთა 6.3% ავტოფარეხში კვლავ ინახავს. CR-V-ის როგორც ძველი, ასევე ახალი თაობები, მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ რეიტინგშიც ეს მოდელი დიდხანს დარჩება.

Toyota Prius

მეორე თაობის Prius-ი აშშ-ის ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა და მალევე, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიბრიდად იქცა. თავდაპირველ მფლობელთა 6.3%-ს ეს მოდელი კვლავ ჰყავს.

Toyota Tacoma

Tacoma-ს პირველი თაობა 1995-2004 წლებში გამოდიოდა. თავდაპირველი მფლობელების 6.4% ამ მოდელს დღეს კვლავ მართავს.

Toyota Highlander

Toyota-ს მოდელი Ford Explorer-ს კონკურენტად 2000-იან წლებში გამოუჩნდა. Highlander-ის ძველ თაობებს თავდაპირველი მფლობელების 6.6% ისევ ინარჩუნებს.

Toyota Camry Hybrid

Camry ერთ დროს ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი საოჯახო ავტომობილი იყო. ამ მოდელის ჰიბრიდი ვერსიები კი, თავდაპირველ მფლობელთა 6.9% ავტოფარეხში კვლავ ინახავს.

Toyota Highlander Hybrid

Highlander-ის ჰიბრიდ ვერსიას თავდაპირველი მყიდველები შეძენიდან 15 წლის გასვლის შემდეგაც არ თმობენ. ჰიბრიდი, რომელიც Toyota-მ 2000-იანებს შუა წლებში წარადგინა, კვლავ პირველი მფლობელების 7%-ს ჰყავს.

 

გაზიარება: