ოფიციალურად: Volkswagen-ი გერმანიაში ქარხნებს ხურავს
გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა, კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად, თავისივე ქვეყანაში ქარხნების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებელი, გერმანულ პროფკავშირებთან, მოლაპარაკებებს კვირების განმავლობაში აწარმოებდა - მათ შორის ბიზნესის განახლებასა და ხარჯების შემცირების ალტერნატიულ გზებთან დაკავშირებით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა Volkswagen-ის სამუშაო საბჭოს ხელმძღვანელმა დანიელა კავალომ. კავალოს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქარხნებს შეეხება კომპანიის გადაწყვეტილება. უცნობია ისიც, რამდენი თანამშრომლის დათხოვნა მოუწევს VW-ის ხარჯების შემცირების პოლიტიკის ფარგლებში. ამ ეტაპზე Volkswagen Group-ი გერმანიაში დაახლოებით 300 000 პირს ასაქმებს.
კავალოს განცხადებითვე, ბერლინს დაუყოვნებლივ ინდუსტრიის გენერალური გეგმის შემუშავება სჭირდება, ხოლო მთავრობის სპიკერის ინფორმაციით, ისინი ფლობენ ყველა საჭირო ინფორმაციას Volkswagen-ის სირთულეებთან დაკავშირებით და მჭიდრო კავშირში რჩებიან კომპანიასა და პროფკავშირებთან.
მთავრობის სპიკერის თქმით, კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება დასაქმებულთა საზიანოდ არ უნდა მიიღოს. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი კი, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და დაცვაა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Porsche-მ, რომლის უმრავლესობასაც Volkswagen Group-ი ფლობს, ჩინეთში სადილეროების ქსელის შემცირება დააანონსა. ავტომწარმოებლის გადაწყვეტილება, მსოფლიოს უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე, მოთხოვნის კლებას უკავშირდება.
გერმანული კომპანიები ასევე შიშობენ, რომ ისინი, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკავშირის მაღალი ტარიფები ამ კვირაში ამოქმედდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ Volkswagen-მა გერმანიაში ქარხნების შესაძლო დახურვა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმემ, მთავარ გამოწვევად ევროპის ბაზარზე ახალი კონკურენტების შემოსვლა დაასახელა. განსაკუთრებით დიდ პრობლემას კი ჩინური ელექტრომობილები წარმოადგენს, რომელზე მოთხოვნის ზრდასაც მათი დაბალი ფასი განაპირობებს.