როდის გათანაბრდება ელექტრომობილებისა და ბენზინზე მომუშავე მანქანების ფასი?
რამდენადაც ელექტრომობილების მოხმარების ხარჯი, სხვა სახის ავტომობილებთან შედარებით, დაბალია, მათი შეძენის ღირებულება მაღალ ნიშნულზე რჩება. მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილებსა და ბენზინზე მომუშავე მანქანების ფასს შორის სხვაობა წლების განმავლობაში შენარჩუნდება. ამ ფაქტის გამო, ქვეყნების ნაწილი, EV-ებზე შეღავათებს აწესებს, რაც თავის მხრივ მათ გაყიდვებზე დადებითად აისახება.
მაგალითად ნორვეგიაში, მთავრობის პოლიტიკის წყალობით, ბენზინზე მომუშავე მანქანებსა და ელექტრომობილებს ფასს შორის განსხვავება მნიშვნელოვნადაა შემცირებული. შედეგად, გაყიდული ახალი მანქანების თითქმის 80% ელექტროა. საერთო ჯამში, ნორვეგიის გზებზე ამჟამად ელექტრომობილების რაოდენობა ბენზინზე მომუშავე მანქანებს აღემატება.
შიგა წვის ძრავებსა (ICE) და ელექტრომობილებს შორის ფასების სხვაობას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ბატარეებთან და მანქანის წარმოების პროცესებთან დაკავშირებული ხარჯები.
სავარაუდოდ, ელექტრომობილების ხარჯების შემცირებაზე გავლენას ბატარეებზე ფასების ვარდნა იქონიებს. მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ავტომწარმოებლების მიერ სპეციალურად ელექტრომობილებისთვის შექმნილ პლატფორმაზე გადასვლაც, რაც წარმოების პროცესსაც გაამარტივებს.
Goldman Sachs Research-ის პროგნოზით, ბატარეის ფასი, ერთ კილოვატ საათზე, 2025 წლისთვის 99 დოლარამდე დაეცემა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია. ფასის ვარდნა ნაწილობრივ გამოწვეული ინება ძირითადი ნედლეულის ხარჯების - მათ შორის ლითიუმის, ნიკელისა და კობალტის - შემცირებით.
სამთო და გადამმუშავებელ სექტორში ბოლოდროინდელი ინვესტიციები მზარდი მოთხოვნისა და გლობალური მიწოდების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. მოსალოდნელია, რომ ბატარეების ბლოკის ფასები, 2023-2030 წლებში, ყოველწლიურად საშუალოდ 11%-ით დაეცემა.
EV-ინდუსტრიაში თამაშის წესების შემცვლელი შეიძლება აღმოჩნდეს მყარი მდგომარეობის ბატარეები, რომელიც ლითიუმ-იონურ ბატარეებში არსებულ თხევად ელექტროლიტს მყარი მასალით შეცვლის. მყარი მდგომარეობის ბატარეები ელექტრომობილებს უფრო მეტად უსაფრთხოს გახდის და ელექტრომობილების შესაძლებლობებსაც გააუმჯობესებს.
იმავდროულად, მოსალოდნელია, რომ გამონაბოლქვზე ევროკავშირის მკაცრი რეგულაციების გამო, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების ფასი გაიზრდება. ელექტრომობილებსა და ბენზინზე მომუშავე მანქანების ფასს შორის სხვაობას ეს ფაქტორიც შეამცირებს. თუმცა ყველა ქვეყნის შემთხვევაში, მათი პოლიტიკის, გადასახადებისა და შეღავათების გათვალისწინებით, განსხვავებულ შედეგებს მივიღებთ.
თუმცა ღირებულების თანასწორობა არ გულისხმობს მხოლოდ მანქანის ფასს. ამაში შედის ფლობის ხარჯიც, რაც მის მოვლას, შენახვას, დამუხტვის თანხას მოიცავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Goldman Sachs Research-ის ანგარიში პროგნოზირებს, რომ მთლიანები ღირებულება, ელექტრომობილებსა და შიგაწვის მოდელებისთვის, ათწლეულის შუა წლებისთვის გათანაბრდება.
Gartner-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, 2027 წლისთვის, შემდეგი თაობის ბატარეის ელექტრო მანქანები უფრო იაფი იქნება, ვიდრე ICE მანქანები. ეს ძირითადად ინოვაციების დამსახურებით მოხდება, როგორიცაა მანქანების ცენტრალიზებული არქიტექტურა, რომელიც წარმოების ხარჯებს და აწყობის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.