Aa Aa
30 ოქტომბერი 2024  |  10:42

უჩვეულო კარბონის SL-ი, Brabus-სგან

წლების განმავლობაში, Brabus-ის არაერთი დამამახსოვრებელი დიზაინი ვიხილეთ, თუმცა მისი ახალი ქმნილება, ყველა დანარჩენისგან, გამორჩეულია. ამ უნიკალური დიზაინის მიღმა, Mercedes-AMG SL63 S E Performance იმალება, დაახლოებით 986 ცხენის ძალის მქონე მოდელი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ამ SL63-ის დიზაინი სრულად Brabus-ს ეკუთვნის.

Brabus-მა ე.წ. Shooting Brake-ის ტიპის SL-ისთვის ძარა სრულად კარბონისგან შექმნა. შეცვალა მანქანის წინა ნაწილიც, სპოილერი კი, აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად, ზომაშიც გაზარდა. ტრადიციული დასაკეცი ტენტი გლუვი, მომრგვალებული უკანა ბოლოთი შეიცვალა. მანქანის უკანა მხარეს წარმოდგენილია სპორტული დიფუზორი, რომელიც ასევე სრულად კარბონისაა.

Brabus-მა ავტომობილის ქარხნული, ჰიბრიდული V8 ძრავა და 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი გააუმჯობესა. განახლებების შედეგად, მოდელის 4.4-ლიტრიანი ძრავა, დამოუკიდებლად, 785 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ხოლო ელექტროძრავა - 201 ცხენის ძალას. მანქანა 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.7 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი - 315 კმ/სთ-ია, რაც მას ერთ-ერთ უსწრაფეს ფურგონად აქცევს.

შეცვლილია ინტერიერიც, თუმცა Brabus-ის სხვა პროექტებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ნაკლებად უხეში სტილის დიზაინს ვხვდებით. ინტერიერში კომპანიამ, როგორც კარბონი, ასევე ალკანტარაც გამოიყენა.

ამ ეტაპზე, Mercedes-AMG SL63 S E Performance-ის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. კომპანიას არც ფასი დაუსახელებია და არც ის, თუ რა რაოდენობით აპირებს ახალი, ე.წ. Shooting Brake-ის ტიპის კარბონის SL-ის წარმოებას.

გაზიარება: