უჩვეულო კარბონის SL-ი, Brabus-სგან
წლების განმავლობაში, Brabus-ის არაერთი დამამახსოვრებელი დიზაინი ვიხილეთ, თუმცა მისი ახალი ქმნილება, ყველა დანარჩენისგან, გამორჩეულია. ამ უნიკალური დიზაინის მიღმა, Mercedes-AMG SL63 S E Performance იმალება, დაახლოებით 986 ცხენის ძალის მქონე მოდელი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ამ SL63-ის დიზაინი სრულად Brabus-ს ეკუთვნის.
Brabus-მა ე.წ. Shooting Brake-ის ტიპის SL-ისთვის ძარა სრულად კარბონისგან შექმნა და მას Rocket GTS-ი უწოდა. შეცვალა მანქანის წინა ნაწილიც, სპოილერი კი, აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად, ზომაშიც გაზარდა. ტრადიციული დასაკეცი ტენტი გლუვი, მომრგვალებული უკანა ბოლოთი შეიცვალა. მანქანის უკანა მხარეს წარმოდგენილია სპორტული დიფუზორი, რომელიც ასევე სრულად კარბონისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ Brabus-მა, მის ახალ Rocket GTS-ს Monoblock P Platinum Edition-ის საბურავები დაუყენა.
Brabus-მა ავტომობილის ქარხნული, ჰიბრიდული, ორტურბინიანი V8 ძრავა და 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი გააუმჯობესა. განახლებების შედეგად, მოდელის 4.4-ლიტრიანი ძრავა, დამოუკიდებლად, 785 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ხოლო ელექტროძრავა - 201 ცხენის ძალას. მანქანა 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.7 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი - 315 კმ/სთ-ია, რაც მას ერთ-ერთ უსწრაფეს ფურგონად აქცევს. მაბრუნი მომენტი 1 620 ნიუტონ/მეტრია.
კომპანიის ინფორმაციით, Rocket GTS-ი 0-დან 100 კმ/სთ-ს 2.6 წამში აღწევს, 200 კმ/სთ-ს 9.5 წამს ანდომებს, ხოლო 300 კმ/სთ-ს - 23.6 წამს. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 317 კმ/სთ-ია.
შეცვლილია ინტერიერიც, თუმცა Brabus-ის სხვა პროექტებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ნაკლებად უხეში სტილის დიზაინს ვხვდებით. ინტერიერში კომპანიამ, როგორც კარბონი, ასევე ალკანტარაც გამოიყენა.
კომპანიას არ დაუკონკრეტებია თუ რა რაოდენობით აპირებს ახალი, ე.წ. Shooting Brake-ის ტიპის კარბონის SL-ის წარმოებას. თუმცა პირველი მოდელი Brabus-ის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე იყიდება. ფასი შთამბეჭდავია... სულ რაღაც $1 მილიონი და თქვენ, Brabus-ის ახალი Rocket GTS-ის მფლობელი გახდებით.