Xiaomi: 1 526 ცხენის ძალის მქონე HP SU7 Ultra
Xiaomi-მ ჯერ ნიურბურგრინგის რეკორდი ოთხკარიანი Xiaomi SU7 Ultra Prototype-ით დაამყარა, შემდეგ კი, პეკინში გამართულ ღონისძიებაზე SU7-ის ფლაგმანის სერიული ვერსიაც წარადგინა. SU7 Ultra-ს წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში Xiaomi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ძუნმა პირველი განცხადება გამოაქვეყნა, სათაურით: „Ring Run“.
Xiaomi-ს ელექტრომობილმა ნიურბურგრინგის წრე 6:46.874 წუთში დაფარა, 20 წამით სწრაფად, ვიდრე Porsche Taycan Turbo GT-მა და ოთხკარიანი მანქანებისთვის „მწვანე ჯოჯოხეთის“ ახალი რეკორდიც დაამყარა. რეკორდის დამყარებისას, EV-ის საჭესთან ბრიტანელი პილოტი დეივიდ პიტარდი იჯდა.
რეკორდის დამყარებიდან მალევე კი, პეკინში გამართულ ღონისძიებაზე, Xiaomi-მ SU7 Ultra-ს სერიული წარმოების მოდელიც წარადგინა. ჩინური კომპანიის შეფასებით, სერიული წარმოების ფლაგმანი, მის პროტოტიპს, „თითქმის“ არაფრით ჩამოუვარდება.
Xiaomi-მ მისი ახალი მოდელი ელექტროძრავების ტრიოთი აღჭურვა, რომელიც ჯამურად 1 526 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Xiaomi-ს ინფორმაციით, SU7 Ultra 0-დან 100-ს 2 წამში აღწევს და 350 კმ/სთ-მდე ჩქარდება.
დამატებით, SU7 Ultra CATL Qilin-ის 2.0 ბატარეითაა აღჭურვილი, რომლის საშუალებითაც ელექტრომობილს 630 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ახალ მოდელში Xiaomi-მ გაგრილების სისტემაც გააუმჯობესა, რაც დადებითად ავტომობილის წარმადობაზე აისახება. ფაქტობრივად, SU7 Ultra-მ ნიურბურგრინგის ორი წრე გადახურების გარეშე გაიარა.
ნებისმიერ ოთხკარიან სედანს, 1 500 ცხენის ძალით, ძლიერი მუხრუჭები სჭირდება. მოდელს, კომპანიამ კარბონის კერამიკული სამუხრუჭე დისკები დაუყენა, რომელიც 100 კმ/სთ-იდან სრულ გაჩერებამდე 30.8 მეტრის დაფარვას უზრუნველყოფს. მანქანას წინა სამუხრუჭე დისკები 16.9-დიუმიანი დაუყენეს, რომელიც ნებისმიერი არსებული წარმოების სედანში ყველაზე დიდი კარბონის დისკებია.
ვიზუალურად, მარტივი შესამჩნევია, რომ სერიული SU7 Ultra ისეთივე ექსტრემალური არაა, როგორიც მისი პროტოტიპი. მოდელს ავტოსპორტის სპეციფიკური უკანა ფრთა აკლია და პატარა სპოილერი აქვს. ექსტერიერის სხვა განახლებები ახალ სპლიტერსა და აქტიურ უკანა დიფუზორს მოიცავს, რომელიც მართვის დროს რეგულირდება.
Xiaomi-ს ახალი ელექტრომობილი გაყიდვაში 2025 წლის მარტიდან ჩაეშვება. მოდელის ფასი $114 000-დან დაიწყება.
.