Tesla-ს თვითმართვის სისტემამ ფიასკო განიცადა
რთულია სწრაფი რეაგირება მაშინ, როდესაც გზაზე მოულოდნელად ირემი გადმორბის. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სტანდარტული ავტომობილის ნაცვლად, Tesla-ს მოდელს მართავთ და თან, სრულად ავტომატური მართვის რეჟიმიც ჩართული გაქვთ, ეს საქმე წესით უნდა გაგიმარტივდეთ.
პლატფორმა X-ის მომხმარებელმა სოციალურ ქსელში თავისი Tesla Model 3-ის კამერით გადაღებული ვიდეო განათავსა. როგორც ვიდეოშიც ვხედავთ, Tesla მკაფიოდ განსაზღვრულ გზატკეცილზე გადაადგილდება და მის გარშემო, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა ავტომობილია. როგორც თავად Tesla-ს მძღოლიც ამბობს, ის სრულად თვითმართვად რეჟიმზე მანქანას მართავდა იქ, სადაც რეალურად შეეძლო ეს გაეკეთებინა.
თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ Tesla-ს მძღოლი ტრასაზე ღამით გადაადგილდება, მაშინ, როდესაც დამხმარე სისტემა მხოლოდ კამერებზეა დამოკიდებული. მხოლოდ კამერებს კი, როგორც ჩანს, უჭირთ ეფექტიანად მუშაობა, მითუმეტეს ასეთ განათებაში. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ელექტრომობილის მაშუქების დახმარებით, გზაც და ირემიც, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა, საკმაოდ მარტივად დასანახი იყო.
შემთხვევა ვიდეო დაწყებიდან სულ რაღაც 7 წამში მოხდა. ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ირემი, სხვა გზიდან არ გადმომხტარა, ის უბრალოდ მოულოდნელად მანქანის წინ გაჩნდა. Tesla-ს მფლობელის თქმით, ელექტრომობილი არც ირემთან დაჯახების შემდეგაც გაჩერებულა.
რთული სათქმელია, რატომ არაფერი არ გააკეთა Tesla-ს თვითმართვადმა სისტემამ ავარიის თავიდან ასაცილებლად. შესაძლოა ამაში ხელი ცუდმა განათება შეუშალა, ან უბრალოდ მანქანას ირმის იდენტიფიცირება გაუჭირდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დამღუპველია.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს სრული თვითმმართველობის სისტემა მხოლოდ კამერების ვიზუალურ ხედვას ეყრდნობა. სისტემა, სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, არც რადარებიდან მიღებულ ინფორმაცია და არც რუკების მონაცემებს იყენებს.
სენსორების გამოყენებამ შესაძლოა სიტუაცია სრულად შეცვალოს, რადგან მათ გზებზე, ირმებისა თუ სხვა ობიექტების აღმოჩენა უფრო გაუმარტივდებათ. თუმცა ესეც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მძღოლი, თვითმართვად რეჟიმზეც კი ვალდებულია ყურადღებით იყოს.