ჩინეთი ავტომწარმოებლებს ევროპაში ინვესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის გადაწყვეტილება, გაზარდოს ტარიფები ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე, ძალაში ამ კვირის ოთხშაბათს შევიდა. ახალი კანონმდებლობით, გარკვეული ტიპის ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფი 45.3%-მდეც კი გაიზარდა.
ევროკავშირი ტარიფების გაზრდის წესდებაზე რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს. ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ ამომწურავი გამოძიებაც უძღოდა. განაკვეთები, კომპანიებს შორის განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ურთიერთობა აქვთ ფირმებს ორგანიზაციასთან. მაგალითად, თუ SAIC-ს ყველაზე მაღალი - 35.3%-ის ზრდა ემუქრება, BYD-ს მხოლოდ 17%-ით გაზრდილი გადასახადი დაუწესდება.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობამ თხოვნით მიმართა ავტომწარმოებლებს, შეაჩეროს ყველანაირი სახის ინვესტიციები ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომელთაც მხარი ტარიფების ზრდას დაუჭირეს. თუმცა შეუძლიათ ინვესტირება გააგრძელონ ქვეყნებში, რომლებიც ტარიფების წინააღმდეგ წავიდნენ.
შედეგად, ჩინეთის სამიზნე ქვეყნებში ისეთი სახელმწიფოები მოხვდება, როგორიც საფრანგეთი, პოლონეთი და იტალიაა. ტარიფების ზრდის წინააღმდეგ მხოლოდ 5 სახელმწიფო - მათ შორის გერმანია - წავიდა, 12-მაც თავი შეიკავა.
ვაჭრობის სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნა, შეაჩეროს ინვესტიციები იმ ქვეყნებში, რომლებმაც დაამტკიცეს სოლიდური გადასახადები, შეიძლება ცუდი ამბავი იყოს იტალიისა და საფრანგეთისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში ამ საკითხს ორივე ქვეყანა სიფრთხილით ეკიდებოდა, მაგრამ ხმა ტარიფების გაზრდას მისცა. SAIC საფრანგეთში, წლის ბოლომდე, ავტონაწილების ცენტრის გახსნას გეგმავს, იტალია კი რამდენიმე კომპანიასთან, ინვესტიციების მოსაზიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს.