„სიკვდილთან ახლოს ვიყავი? შესაძლებელია“ | ჯერემი კლარკსონი
The Grand Tour-ის ყოფილი თანაწამყვანის, ჯერემი კლარკსონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ბოლო პერიოდია გამოცემები აქტიურად წერენ. კლარკსონის ინფორმაციით, ის ინდოეთის ოკეანის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე ატარებდა შვებულებას, რა დროსაც თავი მოულოდნელად შეუძლოდ იგრძნო.
ლეგენდარული გადაცემის წამყვანი Sunday Times-თან იხსენებს, რომ მან ცურვის შემდგომ იგრძნო, რომ ჩვეულებრივზე მეტად დაღლილი იყო და კიბეებზე ასვლა, სხვისი დახმარების გარეშე ვერ შეძლო. შემდგომ თითქოს სიტუაცია გამოსწორდა და კლარკსონიც, შვებულებიდან გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდა.
მიუხედავად ამისა, კლარკსონს სისუსტე და მკერდში ტკივილი კვლავ აწუხებდა, თუმცა გამოსაკვლევად ექიმებისთვის არ მიუმართავს. ცხოვრებაც სტანდარტულად განაგრძო, მათ შორის დიდი დატვირთვით მუშაობდა საკუთარ ფერმაში მანამ, სანამ მარცხენა მკლავში უჩვეულო შეგრძნებამ არ შეაწუხა.
მხოლოდ ამის შემდეგ კლარკსონი ექიმს დაუკავშირდა და გამოკვლევებზე ოქსფორდში, რედკლიფის საავადმყოფოში გაემგზავრა. როგორც დადგინდა, ჯერემის სიმპტომები არა გულის შეტევით, არამედ სისხლძარღვების შევიწროებით იყო გამოწვეული. ლეგენდარულ წამყვანს მკლავში, მისივე შეფასებით „უცნაური“ პროცედურის საშუალებით, სტენტის ჩადგმა დასჭირდა.
„სიკვდილთან ახლოს ვიყავი? შესაძლებელია“, - სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნდა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით Sunday Times-ში სტატია, თუმცა ახლა კლარკსონი სახლშია და თავს უკეთ გრძნობს.