ახალ და მეორადი მანქანების ფასებს შორის რეკორდული სხვაობაა
ახალი ავტომობილების შეძენის სურვილი თითქმის ყველას აქვს, თუმცა უმეტესობა თავს მათი მაღალი ფასის გამო იკავებს და არჩევანსაც, მეორად მანქანებზე აჩერებს. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ახალ და მეორად ავტომობილებს შორის სხვაობა რეკორდულ ნიშნულამდეა გაზრდილი.
Edmunds-ის უახლესი კვლევით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ახალ და მეორადი ავტომობილების საშუალო ფასს შორის სხვაობა რეკორდულ, $20 365-მდე გაიზარდა. რეალურად, განსხვავება, ისტორიაში $20 000-იან ნიშნულს პირველად გასცდა. მესამე კვარტალში, ახალი ავტომობილების საშუალო ფასმა $47 542, ხოლო მეორადი მანქანის - $27 177 შეადგინა.
განსხვავების ზრდა ძირითადად მეორადი მანქანების დამსახურებაა. მესამე კვარტალში ახალი მანქანების ფასი თითქმის უცვლელად დარჩა, მაშინ, როდესაც მეორადი ავტომობილების ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 6.2%-ით დაეცა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მეორადი ფასები კვლავ 31.4%-ით მაღალია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.
მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალ მანქანებზე შეღავათები მესამე კვარტალში საშუალოდ $1 744-ს უტოლდებოდა. გასული წლის მესამე კვარტალში კი, მხოლოდ $828-ს შეადგენდა. მსგავსი ტიპის შეღავათები არ გვაქვს მეორადი ავტომობილების შემთხვევაში. თანაც, მყიდველები მეორადი მანქანების შეძენისას ფიქრობენ, რომ თვიურად $300-ზე ნაკლების გადახდა მოუწევთ - როგორც პანდემიამდე იყო - თუმცა, ახლა უკვე საშუალოდ $548-ს იხდიან.
Edmunds-ის ანგარიში მეორადი ავტომობილების მდგომარეობასაც მიმოიხილავს. კვლევის თანახმად, თვიურად $200-300-ის ბიუჯეტით, ახლა მომხმარებლები 2019 წელთან შედარებით, სამი წლით უფრო ძველი და 26 000 კმ-ით მეტი გარბენის მქონე მანქანების შეძენას ახერხებენ.