ელექტრიფიკაციით გერმანიის ავტოინდუსტრია 200 000 სამუშაო ადგილს დაკარგავს
Prognos-ის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევით, გერმანიის ავტოინდუსტრიამ, შესაძლოა 2035 წლისთვის, 200 000-მდე სამუშაო ადგილი დაკარგოს. ამის მთავარი მიზეზი ელექტრომობილებზე გადასვლა იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ EV-ებს წარმოებისთვის ბევრად ნაკლები ნაწილი სჭირდებათ, ვიდრე ტრადიციული შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს.
ცოტა ხნის წინ, Volkswagen-მა თანამშრომლებს სთხოვა, სამუშაო ადგილების შემცირების თავიდან აცილების მიზნით, ხელფასების 10%-ით კლებას დათანხმებულიყვნენ. თუმცა Prognos-ის კვლევა ვარაუდობს, რომ ეს მიდგომა გათავისუფლებების ბევრად მასშტაბურ რაუნდს, მხოლოდ გადაავადებს.
ანგარიში ვარაუდობს, რომ 2035 წლისთვის, ავტოინდუსტრიაში, 2019 წელთან შედარებით, 186 000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი იქნება. ამასთან ერთად, სამუშაო ადგილთა დიდი ნაწილი შეიძლება შემცირდეს შედუღებისა და ლითონის დამუშავების, ასევე ადმინისტრირების მიმართულებით; სამაგიეროდ, გაიზრდება მოთხოვნა IT და ელექტროინჟინერიის სფეროში.
საერთო ჯამში, დაკარგული სამუშაო ადგილების რაოდენობა შექმნილ სამუშაო ადგილებს გადააჭარბებს. რაც ნიშნავს, რომ ბევრ დასაქმებულს გადამზადება დასჭირდება, მაგრამ მათთვის საკმარისი სამუშაო ადგილი მაინც არ იქნება.
VW-ის მიერ, ისტორიაში პირველად, გერმანიაში საწარმოო ქარხნების დახურვა, სწორედ ხარჯების შემცირების მიზანს ემსახურებოდა. 2025 წლის თებერვალში, ბრიუსელში საწარმოო ქარხნის დახურვას Audi-ც განიხილავს.
VW-ის ხელმძღვანელების განცხადებით, მკაცრი ზომები კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ავტომწარმოებელი მთავარ გამოწვევად მზარდ ხარჯევს, ევროპასა და ამერიკაში EV-ების მოსალოდნელზე დაბალ გაყიდვებსა და ჩინეთში ბაზრის წილის კლებას ასახელებს.