Aa Aa
5 ნოემბერი 2024  |  11:39

Ford-ი მენეჯერების ბონუსებს 65%-ით ამცირებს

ამერიკული ავტომწარმოებელი Ford-ი მენეჯერების ბონუსების სისტემას ცვლის და დამატებითი ანაზღაურების გამომუშავების საშუალებას თანამშრომლებს მხოლოდ დამსახურების მიხედვით მისცემს. კომპანიის გეგმით, ბონუსების გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული მიზნები, ხარჯების შემცირების მიმართულებით, მიიღწევა.

Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯიმ ფარლის განცხადებით, ავტომწარმოებლის მიზანი ხარჯების შემცირებასთან ერთად, მოდელების ხარისხის გაუმჯობესებაა. ახლა უკვე, კომპანიის ბონუსები შედეგების სისტემასთან იქნება მიბმული, რაც თანამშრომლებში, ანგარიშვალდებულების გრძნობას გაზრდის.

ახალი გეგმით, მენეჯერების ბონუსები 65%-ით შემცირდება. Ford-მა ცოტა ხნის წინ, მესამე კვარტლის მოგებაც გამოაქვეყნა, პროგრესი დადებითად შეაფასა თუმცა შედეგების გაუმჯობესების იმედიც გამოთქვა.

„მაშინ, როდესაც Ford+-ის ამბიციურ გეგმებს მივაღწევთ, გუნდი დაჯილდოვდება. ჩვენ ხარჯების შემცირებასა და ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებაზე ვართ ორიენტირებულნი“, - განაცხადა Ford-ის წარმომადგენელმა კომპანიის კვარტალური შემოსავლების გასაჯაროებისას.

ბონუსების შემცირება ერთადერთი გზა არაა, რომლითაც Ford-ი ხარჯების შემცირებას ცდილობს. მაგალითისთვის, კომპანია ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის პარალელურად, პიკაპების წარმოებას ამცირებს. ამასთან ერთად, ნოემბრის შუა რიცხვებიდან 2025 წლის 6 იანვრამდე კომპანია Rouge Electric Vehicle Center-ს აჩერებს, სადაც F-150 Lightning-ი იწარმოება.

გაზიარება: