ეს Maserati Biturbo Restomod-ი Ferrari SF90 Stradale-ზე ძვირი ღირს
იტალიურმა კომპანია Modena Automobili-მ 1980-იანი წლების საკულტო ავტომობილის, ყველასათვის კარგად ცნობილი Maserati Biturbo-ს მოდერნიზებული ვერსია წარადგინა. გათანამედროვების მიუხედავად, კლასიკური დიზაინის შენარჩუნებით, ახალმა მოდელმა ავტომოყვარულთა დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა.
ახალი ავტომობილი, სახელად Maserati Biturbo Shamal Restomod-ი, ორიგინალი ვერსიის საკულტო „ყუთის“ ფორმას, გაფართოებულ ფრთებსა და უნიკალურ წინა სპოილერს ინარჩუნებს. განახლებულია ავტომობილის ბამპერის საფარი, დაწეულია ცხაურა და დამატებულია ახალი სპლიტერი, რაც ერთიანობაში ამ მოდელს უფრო სპორტულ იერსახესაც აძლევს. მაშუქებში კი, LED-განათებაა დამატებული.
მანქანის უკანა მხარეს ოთხკუთხა გამონაბოლქვი სისტემაა შენარჩუნებული, თუმცა დამატებულია უფრო დიდი და აგრესიული დიფუზორი. ეს განახლებები, უფრო დიდი ზომის უკანა სპოილერთან ერთად, მანქანას ბევრად თანამედროვე შესახედაობას მატებს. კორპუსი ძირითადად კარბონისგან და ფოლადისგანაა დამზადებული.
იტალიურ კომპანიას ინტერიერის ფოტოები ჯერ არ გაუვრცელებია. ცნობილია, რომ მანქანას ციფრული ინსტრუმენტების დაფა, Shamal-ის საფირმო ოვალური ფორმით და Recaro-ს სავარძლები ექნება.
Maserati Biturbo-ს კაპოტქვეშ 3-ლიტრიანი, 2-ტურბინიანი V6-ია მოთავსებული, რომელიც 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი და უკანა ამძრავია. განახლებულ მოდელს Brembo-ს მუხრუჭები და 18-იანი საბურავები უყენია.
დიზაინისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მანქანის ფასიც საკმაოდ სოლიდურია. იტალიური კომპანია Biturbo-ს მოდერნიზებული ვერსიის მხოლოდ 33 ეგზემპლარად გამოშვებას გეგმავს, საწყისი ფასი $638 000-ია. წარმოება სავარაუდოდ 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყება.