Aa Aa
6 ნოემბერი 2024  |  13:33

ჩინეთმა, ტარიფების გამო, ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ევროკავშირის მიერ, ჩინურ ავტომწარმოებლებზე დაწესებული მაღალი ტარიფების საპასუხოდ, სახალხო რესპუბლიკამ ჯერ კომპანიებს ევროპის ქვეყნებში ინვესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდა, ახლა კი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) ოფიციალური სარჩელიც შეიტანა.

დიპლომატიური ენით შეფარული პეკინის მორიგი ქმედება ევროკავშირს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. როგორც ჩანს, ჩინეთი ევროკავშირის მაღალ ტარიფებთან შეგუებას არ აპირებს. თავის მხრივ კი ევროკავშირი, შიდა მწარმოებლების დასაცავად, ჩინურ EV-ების იმპორტის გამკაცრებას აგრძელებს.

ჩინეთის სარჩელი მიუთითებს, რომ ევროკავშირმა, მაღალი ტარიფები რაიმე კონკრეტული „ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის“ გარეშე დააწესა. სახალხო რესპუბლიკის მტკიცებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება WTO-ს წესდებას არღვევს და „სამართლიანი ვაჭრობის დასაცავად შემუშავებული ზომების ბოროტად გამოყენებაა “. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განმარტებით, ჩინეთის ხელისუფლებამ სარჩელი „ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებისა და გლობალურ მწვანე ტრანსფორმაციაზე თანამშრომლობის დაცვის“ მიზნით შეიტანა.

ამასთან ერთად, ჩინეთმა ევროკავშირთან კონსულტაციებიც მოითხოვა და შეთანხმების გასაფორმებლად - სანამ WTO დავას განიხილავს - 60-დღიანი ფანჯრის შემოღების ინიციატივითაც გამოვიდა.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს სპიკერის განცხადება გამოცემა Bloomberg-მა გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, ჩინეთი ევროკავშირს „შეცდომების“ დაუყოვნებლივი გადახედვისკენ და „უკანონო პრაქტიკის“ გამოსწორებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყნებმა ერთად შეძლონ და შეინარჩუნონ, როგორც ელექტრომომარაგების გლობალური ქსელის სტაბილურობა, ასევე ჩინეთ-ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ ტარიფების ზრდით, ყველაზე მეტად SAIC-ი დაზარალდა. კომპანიას ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების 35%-იანი ზრდა ემუქრება, BYD-ის შემთხვევაში ზრდა 17%-ს, Geely-ისთვის 18.8%-ს შეადგენს.

ევროკავშირის გადაწყვეტილება, გაზარდოს ტარიფები ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე, ძალაში გასულ კვირას შევიდა. წესდების ძალაში შესვლის შემდეგ, ჩინეთის მთავრობამ ავტომწარმოებლებს თხოვნით მიმართა, შეაჩერონ ყველანაირი სახის ინვესტიციები ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომელთაც მხარი ტარიფების ზრდას დაუჭირეს. თუმცა შეუძლიათ ინვესტირება გააგრძელონ ქვეყნებში, რომლებიც ტარიფების წინააღმდეგ წავიდნენ.

გაზიარება: