Hyundai-ის წყალბადზე მომუშავე საბრძოლო ტანკი, მომავლიდან
ფუტურისტული დიზაინის ტანკი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, არც ვიდეოთამაშის ნაწილია და არც რომელიმე ჰოლივუდური ფილმის. ის რეალურად Hyundai-ის ხედვაა, თუ როგორი იქნება შემდეგი თაობის საბრძოლო ტანკი, რომელიც წყალბადის საწვავის უჯრედებს გამოიყენებს.
ამ საბრძოლო ტანკის კონცეფცია, სახელწოდებით Main Battle Tank-ი, მაგრამ ასევე ცნობილი როგორც K3, ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ პირველად 12 თვის წინ წარადგინა. მაშინ, ფართო საზოგადოებას Hyundai-მ მისი ხედვები სეულის აერონავტიკისა და დიზაინის საერთაშორისო გამოფენაზე გააცნო. შემდგომში, ევროპისა და კორეის რამდენიმე სხვა ღონისძიებაზე, ტანკი Hyundai Rotem-ის პრეზენტაციის ფარგლებშიც გამოჩნდა.
Hyundai-ის მომავლის ტანკი უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ამ ტანკის კორპუსი სრულად ფოლადის, კერამიკისა და კომპოზიტური ჯავშნისგანაა დამზადებული. საბრძოლო ველზე კი, სავარაუდოდ, Hyundai-ის K3-ს ავტონომიური მართვის ფუნქციების გამოყენებაც შეეძლება.
გასულ წელს ვარაუდობდნენ, რომ K3 სრულიად უპილოტო ტანკი იქნებოდა, რომლის გაკონტროლებაც დისტანციურად იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, ახალი ანგარიშების თანახმად, ტანკში სამი ადამიანი თავისუფლად განთავსდება. მას ასევე დრონებს განლაგების შესაძლებლობა ექნება, რაც შეიძლება სადაზვერვო მისიებში საკმაოდ მოსახერხებელი იყოს.
კორეის სამხედროები ამჟამად K2 Black Panther-ს იყენებენ. ტანკი 1500 ცხენის ძალის მქონე 12-ცილინდრიანი დიზელის ძრავითაა აღჭურვილი. თავდაპირველად, ავტომწარმოებელმა შესაძლოა K3-იც დიზელის ძრავით გამოუშვას, თუმცა ეტაპობრივად, მას წყალბადის ენერგია ჩაანაცვლებს, რაც მას ბევრად ეკომეგობრულსაც გახდის.
მიუხედავად იდეის წარდგენისა, დიდი ალბათობით, Hyundai მომავლის ტანკებს 2030 წლამდე რეალობაში ვერ მოიყვანს. კორეის სამხედრო არსენალში კი, ამ ვადებით, მათ 2040 წლამდე ვერ ვიხილავთ.