Toyota-ს ყველაზე იაფი პიკაპი რბოლაში მონაწილეობს
Toyota-ს ახალი მოდელი Hilux Champ-ი, რომელიც მხოლოდ $13 600 ღირს, ტაილანდის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია. მოდელი სამუშაო მანქანადაა შექმნილი და სხვადასხვა ბაზარზე Hilux Rangga-ს, Hilux Tamaraw-ისა და Hilux Stout-ის სახელებითაც იცნობენ.
Hilux Champ-ის კონცეფცია ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს - IMV 0 კონცეფციის სახით წარადგინა. გასულ წელს კი მისი წარმოებაც დაიწყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე იაფი და პრაქტიკული პიკაპის. Hilux Champ-ი იმის გარდა რომ შესანიშნავად ერგება ბიზნესის საჭიროებებს, ახლა უკვე შეჯიბრებებშიც მონაწილეობს.
ტაილანდის Super Pickup-ის სერიაში მონაწილეობის მისაღებად, Hilux Champ-ის სპეციალური ვერსია Toyota Gazoo Racing Team Thailand-ის გუნდმა, რეგულაციების შესაბამისად, გადააკეთა. მანქანა უკანა ამძრავია, დიზელის ძრავითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.
ავტომობილის 2.4-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავა სტანდარტული მოდელის 148 ცხენის ძალაზე ბევრად მეტს გამოიმუშავებს, გაზრდილია მაბრუნი მომენტიც და 400 ნიუტონ/მეტრს აჭარბებს.
ეს სპორტული პიკაპი ახლახან Top Gear Philippines-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. Hilux Champ-ის სარბოლო ვერსიას აქვს სპორტული კორპუსი, გაფართოებები, უკანა სპოილერი, დაბალი კლირენსი და დიდი ინტერქულერი. სტანდარტული მოდელი თავისთავად უკვე ფუტურისტულად გამოიყურებოდა, მაგრამ სარბოლო ვერსიამ მოდელს კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა შემატა.
Toyota Gazoo Racing Team Thailand-ი ცდილობს დაამტკიცოს, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის მანქანა, შესაბამისი მოდიფიკაციებით, შეიძლება სარბოლო მანქანად იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ აეროდინამიკა მისი ძლიერი მხარე არაა, წინა სპლიტერმა და უკანა ფრთამ ტრასაზე პიკაპის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.