Aa Aa
7 ნოემბერი 2024  |  11:51

Toyota-მ ყველასთვის საოცნებო სარბოლო მანქანა შექმნა

SEMA-ს ღონისძიებებისთვის Toyota ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადება. ჩვენ უკვე ვიხილეთ 4Runner TRD Surf-ი, Land Cruiser Rox-ი და სხვა რიგი ოფროუდ მოდელები, რომლებიც ლას-ვეგასისკენ მიემართებიან.

ამჯერად კი, როგორც აღმოჩნდა, ავტომწარმოებელი 1980-იანი წლების ეპოქას უბრუნდება და SEMA-ზე, ფართო საზოგადოებას, რალით შთაგონებულ მოდელს - GR86 კონცეპტს წარუდგენს.

GR86 Rally Legacy კონცეპტი SEMA-ზე ამ კვირაში პირველად გამოჩნდება. ავტომობილს სრულად ამძრავი სისტემა და მძლავრი ტურბოძრავა აქვს. ამას ემატება მოდელის დიზაინის შემადგენელი მნიშვნელოვანი ელემენტები, მათ შორის: Sparco-ს სარბოლო სავარძლები, თეთრი დისკები და მინიმალისტური, სარბოლო კაბინა.

კაპოტის ქვეშ GR Corolla-ს 3-ცილინდრიანი 1.6 ლიტრიანი ძრავა იმალება, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი - 370 ნიუტონ მეტრია. GR86-ში Corolla-ს AWD სისტემასაც ვხვდებით. ცნობისთვის, GR86-ში GR Corolla-ს ძრავისა და AWD სისტემის მოსათავსებლად ინჟინრებს GR86-ის შასის შეცვლა მოუწიათ.

სამწუხაროდ, მომხმარებელს ამ მანქანის შეძენის შესაძლებლობა არ ექნება. ამ პროექტის სირთულე გვაფიქრებინებს, რომ Toyota-ს სერიულ წარმოებაში მისი გაშვების გეგმები არ აქვს. თუმცა, SEMA-ზე, Toyota-ს სტენდზე GR86 Rally Legacy-ს ნახვა დამთვალიერებელს მთელი კვირის განმავლობაში შეეძლება.

 

გაზიარება: