Toyota-მ ყველასთვის საოცნებო სარბოლო მანქანა შექმნა
SEMA-ს ღონისძიებებისთვის Toyota ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადება. ჩვენ უკვე ვიხილეთ 4Runner TRD Surf-ი, Land Cruiser Rox-ი და სხვა რიგი მოდელები, რომლებიც ლას-ვეგასისკენ მიემართებიან.
ამჯერად კი, როგორც აღმოჩნდა, ავტომწარმოებელი 1980-იანი წლების ეპოქას უბრუნდება და ფართო საზოგადოებას, რალით შთაგონებულ მოდელს - GR86-ის კონცეპტს წარუდგენს.
GR86 Rally Legacy კონცეპტი SEMA-ზე ამ კვირაში პირველად გამოჩნდება. ავტომობილს სრულად ამძრავი სისტემა და მძლავრი ტურბოძრავა აქვს. ამას მოდელის დიზაინის შემადგენელი მნიშვნელოვანი ელემენტებიც ემატება, მათ შორის: Sparco-ს სარბოლო სავარძლები, თეთრი Speedline-ის დისკები და მინიმალისტური, სარბოლო კაბინა.
კაპოტის ქვეშ GR Corolla-ს 3-ცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ძრავა იმალება, რომელიც 300 ცხენის ძალას და 370 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. GR86-ში Corolla-ს AWD სისტემასაც ვხვდებით. ცნობისთვის, GR86-ში GR Corolla-ს ძრავისა და AWD სისტემის მოსათავსებლად ინჟინრებს GR86-ის შასის შეცვლა მოუწიათ.
სამწუხაროდ, მომხმარებელს ამ მანქანის შეძენის შესაძლებლობა არ ექნება. ამ პროექტის სირთულე გვაფიქრებინებს, რომ Toyota-ს სერიულ წარმოებაში მისი გაშვების გეგმები არ აქვს. თუმცა, SEMA-ზე, Toyota-ს სტენდზე GR86 Rally Legacy-ს ნახვა დამთვალიერებელს მთელი კვირის განმავლობაში შეეძლება.