Model S Plaid-ის საპატრულო ავტომობილი
Tesla Model S Plaid-ი, 1 020 ცხენის ძალით და ორ წამზე ნაკლებ დროში, გასაოცარი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, სერიული წარმოების მოდელია. ავტომობილის შესაძლებლობები ყურადღების მიღმა არ დარჩენია Unplugged Performance-ს, რომელმაც SEMA-ს გამოფენაზე, ელექტრომობილის ახალი და მეტად ფუნქციური ვერსია წარმოგვიდგინა.
სამართალდამცველთა ეკიპაჟის საჭიროებებზე მორგებული Model S Plaid-ი, ძირითადად, პოლიციაზე ორიენტირებული განახლებების წარმოსაჩენადაა შექმნილი. Unplugged Performance-მა ელექტრომობილის ამ ვერსიის შექმნა, სამართალდამცველი ორგანოებიდან მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით გადაწყვიტა. საპატრულო ეკიპაჟში Tesla-ს დამატების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, დევნის ოპერაციებში ელექტრომობილის გამოყენების სურვილია. Unplugged Performance-მა მოთხოვნები გაითვალისწინა და მაღალი წარმადობის მქონე, ფუნქციური ავტომობილი შექმნა.
სახურავზე განთავსებული ციმციმების ნაცვლად, საქარე მინის და უკანა ფანჯრის განათებები აქვს, რაც მანქანის დიზაინსაც, სხვა საპატრულო ავტომობილებისგან გამოარჩევს. განათებები დამონტაჟებულია მანქანის უკანა კარსა და დიფუზორზეც. კომპანიამ ავტომობილისთვის, ლოს-ანჯელესის დეპარტამენტის მსგავსი შავ-თეთრი დიზაინი შეარჩია.
UP.FIT-ის ელექტროძრავებში ცვლილებები არ შეუტანია, თუმცა Model S Plaid-ის სამუხრუჭე სისტემა განაახლა და მანქანას მსუბუქი წონის დისკებიც დაუმატა.
მაღალი შესაძლებლობების მიუხედავად, რთული სათქმელია, რომ რომელიმე სამართალდამცველი ორგანო Tesla-ს ელექტრომობილის შეძენას გადაწყვეტს. ამის მთავარი მიზეზი კი, ალბათ, მანქანის მაღალი ფასი იქნება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საპატრულო ავტომობილებს შორის უკვე Cybertruck-საც კი ვხვდებით, სამომავლოდ გამორიცხული არაფერია.