Bentley პირველ ელექტრომობილს უშვებს | თუმცა, გეგმებს ცვლის
Bentley-მ კომპანიის ისტორიაში პირველი, სრულად ელექტრო ავტომობილის (EV) გამოშვება დააანონსა. Bentley-ის პირველ EV-ს 2026 წელს ვიხილავთ, 2027 წლიდან კი წარმოებაში ჩაეშვება. გარდა ამისა, ავტომწარმოებელმა ელექტრიფიკაციის ახალი სტრატეგია, Beyond100+ წარადგინა. უახლესი გეგმებით, Bentley-მ მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის თარიღი, 2030 წლიდან 2035 წლამდე გადაავადა.
რაც შეეხება ახალ ელექტრომობილს, მას კომპანია „მდიდრულ ურბანულ SUV“-ის უწოდებს. ბაზარზე მისი წარდგენით, ავტომწარმოებელს სრულად ახალი სამიზნე აუდიტორიის შექმნაც კი აქვს განსაზღვრული. ავტომობილი სავარაუდოდ Bentayga-სთან შედარებით, ზომებში, მცირედით პატარა იქნება.
Bentley-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიის ტრადიციულ კლიენტებს შორის ელექტრომობილებზე დაბალი მოთხოვნაა. თუმცა გუნდში თვლიან, რომ ახალი EV-ით სხვა ტიპის მომხმარებლის მოზიდვას მოახერხებენ. მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ამჟამად, ელექტრომობილების ბაზარზე გაყიდვების ვარდნის ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა უახლოეს მომავალში სიტუაციის გამოსწორებას ელოდებიან.
ავტომწარმოებელს ახალი მოდელის შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ავტომობილს „გასაოცარი“ დიაპაზონი ექნება და ის ფაქტიც დააკონკრეტა, რომ ერთი და იგივე მოდელის EV და შიგაწვის ვერსიების გამოშვება არ იგეგმება.
Bentley, 2026-დან 2035 წლამდე, ყოველწლიურად ახალი ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილის (BEV) ან plug-in ჰიბრიდი ელექტრომობილის (PHEV) გამოშვებას გეგმავს. 2035 წლის შემდეგ კი, გეგმის შესრულების შემთხვევაში, მხოლოდ ელექტრო მანქანებისა და SUV-ების წარმოებაზე გადავა. კომპანიის CEO-ს განცხადებით, ბაზარზე არსებული სიტუაცია 2019 წელთან შედარებით - როდესაც კომპანიამ ელექტრიფიკაციის გეგმები პირველად გამოაცხადა - მნიშვნელოვნად განსხვავებულია. სწორედ ეს განაპირობებს თარიღების გადავადებასაც.