ყველაზე უცნაური დიზაინის მქონე ბეტმობილი
ბეტმობილი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკულტო გამოგონილი მანქანაა, რომელიც თანამედროვეობაში შექმნილა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის მხოლოდ კომიქსებში არსებობდა, ინჟინრებმა მისი საკმაოდ ბევრი, რეალური ვერსიაც წარმოგვიდგინეს. ახლა კი, მსურველებს, ალბათ ყველაზე უცნაური დიზაინის მქონე ბეტმობილის შეძენის საშუალებაც ეძლევათ.
1:1 მასშტაბის, რეალური Tumbler Batmobile-ის ლიმიტირებული გაშვების შესაქმნელად, Warner Bros Discovery, Relevance International-ი და Action Vehicle Engineering-ი გაერთიანდნენ. მართალია მანქანა რეალურია, თუმცა ტრასაზე გადასაადგილებლად ლეგალური მაინც არ არის. ამის მიუხედავადაც, მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია, რასაც მოდელის შეზღუდული გამოშვებაც განაპირობებს. ამ ბეტმობილის მხოლოდ 10 ეგზემპლარი დამზადდება - თითო $2.99 მილიონის ღირებულების.
დიზაინის გარდა, არანაკლებ ყურადღებას, ამ მანქანის შესაძლებლობები იქცევს. ბეტმობილი General Motors-ის 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 525 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 660 ნიუტონ მეტრია. ავტომობილი GM 4L85-E-ის გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.
Tumbler-ის ინტერიერიც ფილმის ვერსიასთან მაქსიმალურადაა დაახლოებული. თუმცა მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში, ინტერიერში ცვლილებების შეტანაც შეუძლიათ - მაგალითად, აირჩიონ მარჯვენა ან მარცხენასაჭიანი მოდელი.
ავტომობილის ძარა მთლიანად კარბონისგან, ლითონისა და მინაბოჭკოვანი მასალისგანაა დამზადებული. ფილმის მსგავსად ამ მოდელს რეაქტიული „ძრავაც“ კი აქვს (თუმცა, მხოლოდ ალების სიმულაციისთვის) რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ შეიძლება მისი ტრასაზე მართვა.