Audi-მ ახალი საავტომობილო კომპანია დააარსა, სახელად AUDI
Volkswagen Group-ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ბრენდი Audi, ჩინეთში ახალ საავტომობილო კომპანიის შესაქმნელად ჩინურ ავტომწარმოებელ SAIC-თან გაერთიანდა. Audi-ის, ამ შემთხვევაში, ახალი კომპანიის ლოგოდ ოთხი რგოლი ნამდვილად არ გამოუყენებია, თუმცა მარკეტინგის გუნდს, როგორც ჩანს სახელზე ბევრი არ უფიქრია.
ეს არის AUDI, და არა Audi – ავტომწარმოებლისთვის „ტრადიციული“ პატარა ასოებით. დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, SAIC-თან თანამშრომლობით შექმნილი კომპანიის ლოგოც მხოლოდ AUDI იქნება.
პირველი მოდელი, რომელსაც Audi და SAIC-ი ერთობლივი თანამშრომლობით წარმოგვიდგენენ, AUDI E კონცეფცია იქნება. ხოლო ამის შემდეგ, მომავალ წელს უკვე სამ ახალ, სერიული წარმოების ავტომობილს ვიხილავთ. ამ მოდელების პარალელურად კი, Audi, ცალკე, თავისი მოდელების წარმოებასაც გააგრძელებს.
ანალიტიკოსთა ნაწილი, კომპანიისთვის სახელის შენარჩუნებას, მარკეტინგულ გეგმებს უკავშირებს. ჩინეთში ახალი ბრენდები თითქმის ყოველ კვირას ჩნდება, შესაბამისად მაღალკონკურენტული გარემოც იქმნება. სახელის შენარჩუნება ამ კომპანიის კონკურენტებისგან გამორჩევასა და ბაზარზე დამკვიდრებას ხელს შეუწყობს.
ცნობისთვის, Audi ამჟამად შიგა წვის ძრავების წარმოებიდან ამოღებას არ განიხილავს და პირიქით, მომავალი თაობის ICE ძრავებზე მუშაობას აგრძელებს. ჩინეთში დაარსებული ახალი კომპანია კი, მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე იქნება კონცენტრირებული.