Mazda ახალ ბენზინის ძრავაზე მუშაობს: Skyactiv-Z
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Mazda-მ უახლესი ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ახალი ბენზინის ძრავის წარმოების გეგმებიც გამოავლინა. დოკუმენტში ძირითადი ნაწილი კომპანიის მიერ ბოლო კვარტალში მიღებულ შედეგებს მოიცავს, ამ ფინანსური მონაცემების ქვემოთ კი, ბევრი ენთუზიასტისთვის მთავარი სიახლე იმალება: ახალი ბენზინის ძრავა, სახელად Skyactiv-Z.
Skyactiv-Z-ით კომპანია Skyactiv-G-ისა და Skyactiv-X-ის ჩანაცვლებას გეგმავს. პირველი მათგანი საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა მეორემ - თავისი HCCI ტექნოლოგიის გამო - დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. კომპანია ამ ძრავების ეტაპობრივად Skyactiv-Z-ით ჩანაცვლებას დაიწყებს, რომელიც ასევე 4-ცილინდრიანი ძრავა იქნება. ამის შემდგომ კი, კომპანია უკვე მიღებული გამოცდილებით, 6-ცილინდრიან ძრავაზე მუშაობასაც დაიწყებს.
დამატებითი დეტალები კომპანიის ახალი ბენზინის ძრავასთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის უცნობია. მხოლოდ ვიცით ის, რომ Skyactiv-Z-ის ძრავის მქონე პირველ მოდელებს 2027 წლამდე არ უნდა ველოდოთ. Skyactiv-Z-ში კომპანია „ლამბდა ერთის“ წვის მეთოდს გამოიყენებს, რაც ნიშნავს, რომ „ძრავა, ფართო დიაპაზონზე დაბალი და მაღალი ბრუნის რეჟიმებში, მაქსიმალურ თერმულ ეფექტიანობას უზრუნველყოფს“. შედეგად, ძრავა, გარემოსდაცვით პოლიტიკასაც, უფრო მეტად მოერგება.
Skyactiv-Z თავდაპირველად ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე გამოვა. ინჟინრები აქტიურად მუშაობენ, რომ ეს ძრავა Euro 7-ის და აშშ-ის EPA-ის Tier 4-ის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.