Audi-ს მოგება 91%-ით დაეცა
Volkswagen-ის გამოწვევების შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ Audi Group-იც სერიოზულ სირთულეებს აწყდება. ბაზრის არასახარბიელო მდგომარეობა, მაღალი კონკურენცია და ნაწილებზე ხელმისაწვდომობა კომპანიას პრობლემებს უქმნის. ამ და სხვა მიზეზების გამო, Audi-ს, Bentley-სა და Lamborghini-ს გაყიდვები მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 10.9%-ითაა შემცირებული.
მათ შორის კი განსაკუთრებით Audi-ს ბრენდი დაზარალდა: ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვები 16.8%-ით დავარდა და 139 665 ერთეული შეადგინა. ევროპის ბაზარზე გაყიდვები 9.8%-ით შემცირდა, ჩინეთში – 8.5%-ით.
Bentley-ის გაყიდვები სექტემბრისთვის 26.6%-ით დაეცა, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე Lamborghini-ს შედეგები კომპანიისთვის ნათელი წერტილი აღმოჩნდა: გაყიდვები 8.6%-ით გაიზარდა, საოპერაციო მოგება 9.8%-ით.
გასული 9 თვის განმავლობაში Audi-მ ბაზარს 1.25 მილიონი ავტომობილი მიაწოდა, უფრო ნაკლები ვიდრე გასულ წელს, რომელიც 1.4 მილიონ ავტომობილს შეადგენდა. ვარდნამ შემოსავალი 50.4 მილიარდი ევროდან 46.3 მილიარდ ევრომდე შეამცირა. საოპერაციო მოგება 4.6 მილიარდი ევროდან 2.09 მილიარდ ევრომდე შემცირდა.
რაც შეეხება მხოლოდ მესამე კვარტლის მონაცემებს, ამ პერიოდში საოპერაციო მოგება 91%-ით დაეცა და 106 მილიონ ევროს მიაღწია. კომპანიის განცხადებით, ზარალი ძირითადად Audi-ს ბრიუსელის ქარხნის რესტრუქტურიზაციის ხარჯებს უკავშირდება.
მიუხედავად გამოწვევებისა, Audi ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 2024 წელს 15 ახალი მოდელი შეიქმნა, რომელთა შორისაა A5 და Q5, რაც მომავალ წელს გაყიდვების ზრდაზე პოზიტიურად იმოქმედებს. სხვა ახალი მოდელებიც გეგმაშია: ამ თვის ბოლოს Q5 Sportback-ის დებიუტი შედგება, ხოლო მომდევნო წლის დასაწყისში განახლებული A7 გამოვა.
Audi ჩინეთის ბაზრისთვის სტრატეგიას ცვლის, სადაც პარტნიორობაზე დაფუძნებულ და ჩინეთისთვის სპეციალურად შექმნილი მოდელების წარმოებას აპირებს.