სუპერქარები, Ferrari 308, Lamborghini Countach
Aa
Aa

სტუდენტმა ბებიის ავტოფარეხში Lamborghini Countach-ი და Ferrari 308 აღმოაჩინა

ამერიკელმა სტუდენტმა ბებიის ავტოფარეხში 1980-იანი წლების ორი საკულტო ავტომობილი - Lamborghini Countach-ი და Ferrari 308 აღმოაჩინა. მანქანები ავტოფარეხში 20 წლის განმავლობაში, თითქმის ხელუხლებლად ინახებოდა.

1981 წლის Lamborghini Countach-ი ახლა უკვე მტვრითაა დაფარული, თუმცა კარგ მდგომარეობაში მისი ღირებულება სავარაუდოდ ნახევარ მილიონ დოლარამდე იქნებოდა. Ferrari 308, შედარებით ნაკლებად იშვიათი მოდელია, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაბალი ფასი არც ამ ავტომობილის დაედებოდა. ლეგენდარული სუპერქარების გარდა, სტუდენტმა ავტოფარეხში 1930-იანი წლების MG T-Type-იც აღმოაჩინა.

ამ იშვიათ ავტომობილებს Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ჯერ კიდევ 2018 წელს წააწყდა და სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: „მტვრისა და ჟანგის მიუხედავად, ბებიაჩემის 1981 წლის Lamborghini Countach-ი საოცარი ავტომობილია“, - წერს მომხმარებელი პლატფორმაზე. სურათების ნახვის შემდეგ, Reddit-ის ბევრი მომხმარებელი დაინტერესდა, თუ რატომ ინახავდა წლების განმავლობაში ბებია ამ სუპერქარებს ავტოფარეხში.

როგორც თავად სტუდენტმა განმარტა, ავტომობილები ბაბუამისმა 1989 წელს შეიძინა - ეგზოტიკური ავტომობილების გაქირავების ბიზნესისთვის. თუმცა, როდესაც სადაზღვევო ხარჯებმა საგრძნობლად იმატა, ბაბუამისმა ბიზნესის შეწყვეტის და რამდენიმე ავტომობილის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

სტუდენტის განმარტებითვე, ის დიდი ენთუზიასტი არაა და ავტომობილების აღსადგენად არც საკმარისი ფინანსური რესურსი გააჩნია. ამიტომაც, დიდი ალბათობით, მალე ამ მოდელებს აუქციონზე ვიხილავთ. თუმცა, ახალ მფლობელს Lamborghini Countach-ისა და Ferrari 308-ის აღსადგენად სოლიდური ინვესტიციის გაღება დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები